სამინისტროების გაერთიანება არ განხორციელებულა მექანიკურად, მას უძღვოდა მსჯელობა და ანალიზი, როგორ გაგვეხადა უფრო მეტად ეფექტიანი და მოქნილი ამ უწყებებში შემავალი დარგების მენეჯმენტი , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
„მთავრობის ნდობის გამოცხადების საფუძველი გახდა განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდა. აღნიშნული გაერთიანება არ განხორციელებულა მექანიკურად, მას უძღვოდა მსჯელობა და ანალიზი, როგორ გაგვეხადა უფრო მეტად ეფექტიანი და მოქნილი ამ უწყებებში შემავალი დარგების მენეჯმენტი, კერძო სექტორისთვის კიდევ უფრო გაგვეიოლებინა კომუნიკაცია საჯარო სექტორთან, მაქსიმალურად შეგვემცირებინა ბიოროკრატიული ბარიერები ისე, რომ ყველას - ბიზნესსა და საზოგადოებას მაქსიმალურად ჰქონოდა განვითარების შესაძლებლობა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და ამ მიზნით 2016 წლიდან მთავრობამ დაიწყო რეფორმების განხორციელება, რომელსაც საზოგადოება იცნობს ოთხპუნქტიანი გეგმის სახელით.