"ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებენ, დისტანციურ სწავლებაზე წვდომა ექნება საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას"

დისტანციურ სწავლებაზე წვდომა ექნება საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას , - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოზარდებში მეცნიერებისადმი ინტერესის გასაღრმავებლად, სკოლასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთკავშირი გაძლიერდება.

„მოზარდებში მეცნიერებისადმი ინტერესის გასაღრმავებლად, კრიტიკული აზროვნების გასავითარებლად, სწავლის შემდეგი ეტაპებისთვის მოსამზადებლად, სკოლასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთკავშირს გავაძლიერებთ. უმაღლესი რანგის პროფესიონალებს, მეცნიერებსა და მკვლევარებს სკოლას დავუკავშირებთ. ახალ პროექტ „ევრიკას“ ფარგლებში სხვადასხვა დარგის ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებენ. დისტანციურ სწავლებაზე წვდომა ექნება საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას. სწავლების ეს ციკლი შესაბამისი საგნის პედაგოგებსაც მისცემს პროფესიული განვითარების საშუალებას“, - განაცხადა ჩხენკელმა.