"მინდა დღეს პირველად გამცნოთ, რომ აშშ-ის კონგრესმა „ჯაველინების“ გადმოცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო"

მინდა დღეს პირველად გამცნოთ, რომ გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა „ჯაველინების“ გადმოცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

ლევან იზორიას განცხადებით, აშშ-ს კონგრესის გადაწყვეტილება ნიშნავს იმ რეფორმების აღიარებას, რომელიც საქართველოს თავდაცვის უწყებამ განახორციელა.

„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება ანტისატანკო სისტემის „ჯაველინების“ შესყიდვის თვალსაზრისით. მიმდინარე წლის 29 მარტს, მქონდა პატივი და მივმართე წერილობით აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს. საჯაროდ, ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ნოემბერში. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მინდა დღეს პირველად გამცნოთ, რომ გუშინ, კონგრესმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. მე ხელთ მაქვს გადაწყვეტილების ორიგინალი, ასე რომ, საბოლოოდ მიღებულია გადაწყვეტილება.

ეს არის იმ რეფორმების აღიარება, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა. ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ ამ სისტემის გადმოცემისთვის. წლების განმავლობაში, ჩვენ ვითხოვდით ამ სისტემის გადმოცემას. ეს მთელი სახელმწიფოს მიღწევაა და მინდა მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული“, - განაცხადა ლევან იზორიამ.