რა მექანიზმების ამოქმედება იგეგმება ინტერნეტსივრცეში მოზარდების დასაცავად?

ინტერნეტსივრცეში მოზარდების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება იგეგმება.

კანონპროექტის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

„კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების შეტანა იგეგმება „ელექტრონული კომუნიკაციებისა“ და „მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებში. ცვლილებების თანახმად, პროვაიდერებს დაეკისრებათ ვალდებულება, რომ დააყენონ ე.წ. ფილტრები, რათა სხვადასხვა საფრთხის შემცველი ინფორმაციები გაიფილტროს და მოზარდამდე არ მივიდეს. გარდა ამისა, საგანმანათლებლო კუთხით მუშაობაც მნიშვნელოვანია. ამიტომ განათლებისა და სპორტის სამინისტროს მოუწევთ მშობლებისა და პედაგოგებისათვის სახელმძღვანელო გაიდლაინების შემუშავება იმისათვის, რომ იცოდნენ თუ რა ინფორმაცია რა ასაკისთვის არის სახიფათო, როგორ უნდა მოხდეს პრევენცია და ა.შ. ამასთან, გვაქვს ინიციატივა რომ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნან ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტ სივრცეში მავნე ზეგავლენის შემცველი პროდუქციის გავრცელების თაობაზე მიიღებენ ინფორმაციას და შესაბამის რეაგირებასაც მოახდენენ,“-განაცხადა ხუნდაძემ.