სსფ-ს შეფასებით, საქართველო 2017-2022 წლებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით რეგიონში საუკეთესოა , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
დიმიტრი ქუმსიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას 2017 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.
„ჩვენ წარმატებით წარვმართეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რის შედეგადაც ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა სამწლიანი პროგრამა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში 210 მილიონი SDR (ნასესხობის სპეციალური უფლება) ოდენობით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნული პროგრამა სრულად დაეფუძნა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას და მიზნად ისახავს ფისკალური მდგრადობის გაძლიერებას, ფინანსური სტაბილურობის ზრდას, საგარეო დისბალანსის შემცირებას, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების დაჩქარებას და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ოქტომბერში წარმატებით დასრულდა პროგრამის პირველი მიმოხილვა.
„ჩვენ შევასრულეთ პროგრამით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. შედეგად, პოზიტიურია ეკონომიკური ზრდის მოლოდინები საქართველოს მიმართ. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო, „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის“ მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედით რეგიონში საუკეთესოა. იმავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ ჩვენ მიერ გატარებული და დაგეგმილი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გამო ექნება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.