აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს , - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ადმინისტრირების ნაწილის გამკაცრებასთან ერთად, ალბათ, საკანონმდებლო ნაწილის გამკაცრებაც გახდება საჭირო.
”ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საგზაო უსაფრთხოების კომპონენტს. გატარებული რეფორმების შედეგად წინსვლა ციფრების და სტატისტიკის მიმართულებით გვაქვს, თუმცა დღეს სამწუხაროდ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს. სასწრაფოდ არის შემოსატანი ტექნოლოგიური კომპონენტი. ადმინისტრირების ნაწილის გამკაცრებასთან ერთად, ალბათ, მოგვიწევს საკანონმდებლო ნაწილის გამკაცრებაც”, - განაცხადა გახარიამ.