ვაპირებთ, რომ 2018 წელს რებილიტაცია ჩავუტაროთ 200 კილომეტრამდე გზას , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ალავიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
ზურაბ ალავიძემ გზის ის მონაკვეთები ჩამოთვალა, რომელსაც 2018 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მათ შორის, მან დაასახელა მარნეული - ალგეთის გზის 15 - კილომეტრიანი მონაკვეთი, დმანისის მუნიციპალიტეტში გზის გარკვეული მონაკვეთი, წალკა-აიაზმის 16 კილომეტრიანი მონაკვეთი, ჭრებალო-ნიკორწმინდის გზის მონაკვეთი და ა.შ.
გარდა ამისა, ზურაბ ალავიძემ რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მონაკვეთი ყველაზე მოცულობითია, როგორც სირთულით, ასევე ფინანსურად.
„რიკოთის შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ 90-მდე ხიდზე და 60-მდე მაგისტრალური გვირაბის გაკეთებაზე, პროექტის ღირებულება დაახლოებით, მილიარდ დოლარამდე იქნება. პროექტირება უკვე მიმდინარეობს. ეს არის ურთულესი მონაკვეთი“, - განაცხადა ალავიძემ.