დავების საბჭოს წევრების დაკითხვას რომ ითხოვს "სიტროენ ჯორჯია", ეს ჰაერზე ნასროლი სიტყვებია , - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ "სიტროენ ჯორჯიას" დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც ლევან რაზმაძემ აღნიშნა, დავების საბჭოს წევრებმა თავიანთი პოზიცია გადაწყვეტილებაში უკვე დააფიქსირეს. ”არავინ გაურბის დაკითხვას, თუმცა, ეს არის რაღაც ჰაერზე ნასროლი სიტყვები", - განაცხადა რაზმაძემ.
მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ შესყიდვების სფეროში გარიგებაზე იყოს საუბარი და ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.
"რადგან გაინტერესებთ ავტოტრანსპორტის სფეროში პრობლემებთან დაკავშირებით არსებობს თუ არა გარიგებები, ამას წინ უნდა უძღოდეს კვლევები იმის შესახებ, თუ რა ხდება საერთოდ ამ ბიზნესში, გასულ წლებში და წინა ხელისუფლების დროს რა რაოდენობის ავტომობილების შესყიდვა ხდებოდა და დღეს როგორ მინიმალიზებულია ავტომობილების შესყიდვა სახელმწიფოს მხრიდან. ამ ბიზნესში გარიგებაზე კი არა, დიდ კონკურენციაზეა საუბარი. ბრალდებები იმის შესახებ, რომ ვიღაცა ვიღაცას ურიგდება, გამორიცხულია", - განაცხადა რაზმაძემ.
კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მოითხოვს, რომ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს კომისიის ყველა წევრი დაიკითხოს. ამის შესახებ გიორგი შარაშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.