"ჯაველინების" შესაძენად, 2018-2019 წლებში, დაახლოებით 160 მლნ ლარი გადაირიცხება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ განაცხადა.
მისი თქმით, "ჯაველინების" შეძენა ორ ეტაპად განხორციელდება.
”პირველი ეტაპის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 მლნ ლარი გადაირიცხება, ხოლო მეორე ეტაპისთვის - დაახლოებით 60 მილიონი. ანუ, ჩვენ ორ ეტაპად შევიძენთ 2018-2019 წლებში. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ, სუვერენიტეტის უფრო ეფექტურად დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც არ უკავშირდება სხვა ქვეყნის წინააღდეგ ინტერესებს. ეს იარაღი თავდაცვით ხასიათს ატარებს და არ არის შეტევითი ხასიათის იარაღი", - განაცხადა ლევან იზორიამ.
როგორც ცნობილია, საქართველო აშშ-სგან ანტისატანკო სისტემებს - "ჯაველინები" იყიდის.