ნავთობის ფასმა დღეს ზრდა გააგრძელა, რისი მიზეზიც, აშშ-ში მარაგების შემცირების მოლოდინი და ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობსადენი მილის დაზიანების გამო გაჩერებაა.
ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ბარელის ფასი 17 ცენტით (0.3 პროცენტით) გაიზარდა და 57.73 დოლარს მიაღწია. ამავდროულად, ბრენტის მარკის ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 11 ცენტით (0.17 პროცენტით) გაიზარდა და 63.91 დოლარი გახდა.
ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში წინა კვირაში ნედლი ნავთობის მარაგი 5.2 მილიონი ბარელით, 438.7 მილიონ ბარელამდე შემცირდა. დღეს საღამოს, ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაცია (EIA) მარაგების შესახებ სამთავრობო სტატისტიკას გამოაქვეყნებს.
ნავთობის ფასის მოძრაობაში კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩრდილოეთის ზღვაში გამავალ ნავთობსადენ ფორტისის გაჩერება. როგორც წესი, მასში გამავალი ნედლი ნავთობი, ბრენტის მარკის ფასზე ძლიერ ზემოქმედებს. მისი ოპერატორი კომპანია „ინეოსი“ იმედოვნებს, რომ მოკლე დროში შეძლებს სადენის ამოქმედებას. ცნობისათვის, აღნიშნული სადენის დღიური გამტარუნარიანობა 450 000 ბარელია.
ამ ორი ძლიერი ფაქტორის მიუხედავად, ნავთობის ფასის ზრდა მაინც უმნიშვნელოა და ორივე მარკის შემთხვევაში, ფასი უახლოეს მაქსიმუმებზე დაბლაა. შეგახსენებთ, რომ ახლახანს ბრენტის ფასმა 65.63 დოლარს მიაღწია, WTI-ს ფასმა კი - 59.05 დოლარს.
ფასის ზრდის შეკავებას ამერიკაში მოპოვების ზრდა უზრუნველყოფს. აშშ-ში ბოლო წლის განმავლობაში, ნავთობის მოპოვება 16 პროცენტით, დღიურ 9.8 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. უფრო მეტიც, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამერიკაში მოპოვების ზრდა კვლავაც გაიზრდება და 10 მილიონს მიაღწევს. ეს შეერთებული შტატებისთვის რეკორდული მაჩვენებელია, რითაც ის კიდევ უფრო მიუახლოვდება მსოფლიო ლიდერ საუდის არაბეთს, რომელიც დღიურად დაახლოებით 11 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს.