ბათუმის „დინამო“ შესაძლოა ბიზნესმენმა აიეტ კუკავამ შეიძინოს

ბათუმის „დინამო“ შესაძლოა ბიზნესმენმა აიეტ კუკავამ იყიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას Sportall.ge ავრცელებს.

კერძოდ, როგორც გამოცემასთან, "დინამოს" პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა განაცხადა, აიეტ კუკავას კლუბის ყიდვაზე ბათუმის მერიაში განაცხადი უკვე შეტანილი აქვს.

აიეტ კუკავა „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის საპატიო თავმჯდომარეა. ის არის „კრედიტინფო საქართველოსა“ და საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის (პოლონეთი, ვარშავა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც.

რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, აიეტ კუკავამ 1997 წელს მუშაობა დაიწყო ”აბსოლუტ ბანკში”, სესხების პორტფელის მართვის უფროსი საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე. მას შემდეგ, მუშაობს საბანკო და საფინანსო სექტორში საქართველოსა და აშშ-ში. 2004 წელს, მისმა კომპანიამ NCIB, ოთხ კომერციულ ბანკთან ერთად დააარსა პირველი საკრედიტო ბიურო საქართველოში, სს „კრედიტინფო საქართველო“.

ცნობისთვის, ბათუმის „დინამოს გაყიდვის შესახებ ინფორმაცია გაზეთმა „ლელომ“ გაავრცელა.