ოქროს ფასი დღესაც გაიზარდა, რაც მეტწილად დოლარის სისუსტემ განაპირობა. თავის მხრივ, დოლარი შეერთებულ შტატებში საგადასახადო რეფორმის შეფერხებამ დაასუსტა. წლის მიწურულს, საშობაო არდადეგების წინ, სულ უფრო მცრიდება ვაჭრობის მოცულობაც, რაც მცირე ინფორმაციაზეც კი შედარებით ძლიერ რყევებს იწვევს.
კომექსის სავაჭრო პლატფორმაზე, ტროას უნცია ოქროს ფასი 2.70 დოლარით (0.21 პროცენტით) გაიზარდა და 1 266.80 დოლარს მიაღწია. ყვითელი მეტალის ბოლო ორი კვირის მაქსიმუმი 1 268.40 დოლარია.
დღეს დოლარი ოდნავ გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საგადასახადო რეფორმა დაამტკიცა. მოგვიანებით მას სენატი განიხილავს. ეს არის აშშ-ში ბოლო 30 წელიწადში ყველაზე დიდი რეფორმა.
რეფორმის ტექსტის წარმომადგენლთა პალატის მიერ დამტკიცების შემდეგაც, დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტის (ევრო, სტერლინგი, იენა, შვეიცარიული ფრანკი, კანადური დოლარი და შვედური კრონა) მიმართ, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, პრაქტიკულად უმოძრაოდ დარჩა და 93.09-ის სიახლოვეს იმყოფება.
დოლარის ინდექსის ცვალებადობა ოქროს ფასზე პირდაპირ აისახება. ყვითელი მეტალი, იენთან და შვეიცარიულ ფრანკთან ერთად, რისკებისგან თავშესაფარ აქტივს წარმოადგენს.