მსხვილი ინვესტორები საქართველოდან მიდიან.
იმის ნაცვლად, რომ მასშტაბური კაპიტალი მოვიზიდოთ, დიდი კომპანიები ბაზარს ტოვებენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, 1 წლის წინ საბანკო სექტორს უზარმაზარი ფრანგული გიგანტი "სოსიეტე ჟენერალი" გამოაკლდა, ახლა საკომუნიკაციო ბაზარს შვედური "ტელიასონერა" ტოვებს.
აშკარაა, რომ მსხვილ ევროპულ კომპანიებს საქართველოსადმი ინტერესი უქრებათ. ერთი შეხედვით, ქვეყანაში ინვესტიციები შემოდის, მაგრამ ეს არის ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან ან ოფშორებიდან შემოსული თანხა, რომლის უკან, არავინ არ იცის, რა ძალა დგას. მსხვილი გიგანტებიდან ლამის ერთადერთი კომპანია "ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი" არის დარჩენილი და რატომღაც ხელისუფლება მასაც პრობლემას უქმნის ბიზნესისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულებით.
რაც შეეხება კონკრეტულად "ტელიასონერას", ევრაზიის ბაზრის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მან ჯერ კიდევ 2015 წელს მიიღო. იგი ოპერირებს ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, საქართველოში, მოლდოვასა და ნეპალში. ბაზრის დატოვების სირთულეებზე კომპანიამ არაერთხელ ისაუბრა.
სააგენტო "როიტერის" ცნობით, შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე აზერბაიჯანში, ყაზახეთში, საქართველოსა და მოლდოვაში საქმიანობას შეწყვეტს.
ქართველი სპეციალისტების შეფასებით, მიზეზი, რის გამოც მსხვილი მოთამაშეები საქართველოს ტოვებენ, ბაზრის ოლიგოპოლიაა, რასაც ქვეყნის ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ უმკლავდება. ამასთან, ქვეყანა მსხვილი კაპიტალის მისაღებად არ არის მზად და არც ოდესმე იყო, რადგან ინვესტორებისთვის არასახარბიელო ბიზნეს გარემოა როგორც სამუშაო რესურსით, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
ანალიტიკოსი გიორგი ღაღანიძე ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში ორიენტირი საქართველოსთვის მცირე და საშუალო დონის ინვესტიციები უნდა იყოს.
"საქართველოში არც ტევადი შიდა ბაზარია და არც რაიმე ტიპის რესურსია დიდი რაოდენობით, რომ ინვესტორების ყურადღება მიიპყროს. აქედან გამომდინარე, იმაზე ლაპარაკი, რომ მსხვილი ბიზნესი მიდის, ცოტა გადაჭარბებულია. ჩვენი ამოცანა რთულია, უნდა დავაჯეროთ მსხვილი ინვესტორები, რომ საქართველოში შეიძლება შეიქმნას ისეთი პროდუქცია, რომელიც ინვესტორებისთვის საინტერესო იქნება. აქ არ არის მხოლოდ ბაზრის ფაქტორი, მნიშვნელოვანია წამყვანი სამუშაო ძალა, წვდომა ფინანსურ რესურსზე, ელექტროენერგიის საკითხები და სხვა, რითაც მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნით. როდესაც კონკურენტული უპირატესობაა, იქ შემოდის ინვესტორი.
ბუნებრივია, ნებისმიერ მთავრობას ექნება სურვილი, რომ მსხვილი ინვესტორი შემოიყვანოს, მაგრამ ეს რეალურად ძნელად მიღწევადია. ელემენტარულად, ინვესტორმა უნდა იცოდეს, რაში ჩადოს დიდძალი თანხა, ამ დროს კი ბაზარი ამისთვის არ არის მზად. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ბაზრის დივერსიფიკაციას. მართალია, სჯობს 1-მილირდიანი ინვესტიცია, ვიდრე 50-მილიონიანი, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო რეალურია ჩვენს სინამდვილეში. სწორედ ამისთვის უნდა მოვემზადოთ, შედარებით ნაკლებ ინვესტიციებზე გავაკეთოთ ჯერჯერობით აქცენტი.
ბევრი პრობლემაა, რაც ბარიერს ქმნის მსხვილი ბიზნესისთვის. ელემენტარულად, უსაფრთხოების საკითხი არ არის მაღალ დონეზე გადაწყვეტილი. გვერდში გვყავს კბილებამდე შეიარაღებული უზარმაზარი აგრესიული მეზობელი და ძნელია ვინმეს დარწმუნება, რომ ამ პირობებში მისი ქონება დაცული იქნება", - აცხადებს ღაღანიძე.
სპეციალისტების ნაწილი მსხვილი ინვესტორებისთვის პრობლემად ქვეყანაში ოლიგოპოლიის არსებობას მიიჩნევს. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე განმარტავს, რომ მდგომარეობის გამოსწორება მთავრობამ სწორედ ამ საკითხის მოგვარებით უნდა სცადოს და ბაზრის დივერსიფიკაციას შეუწყოს ხელი.
"ჩვეულებრივი მოვლენაა, ინვესტიციები შეიძლება გავიდეს, მაგრამ ასევე შემოვიდეს, ეს არ არის საგანგაშო. თუმცა დღეს გარკვეულწილად ოლიგოპოლიაა საქართველოში, მათ შორის კავშირგაბმულობის სფეროში. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ არ მოხდეს ფასის ხელოვნურად ზრდა. შესაბამისი სამსახურები თუ ამუშავდება და საკუთარ ფუნქციას ჯეროვნად შეასრულებს, ბუნებრივია, ეს საკითხი მოგვარდება, მაგრამ ამის ძალისხმევა ჯერჯერობით არ იგრძნობა.
ხელი უნდა შევუწყოთ მეტი კონკურენტის შესვლას ბაზარზე. დღეს ჩვენი პრობლემა ოლიგოპოლიური ბაზრებია, რა მდგომარეობაც არის საბანკო სექტორში, კავშირგაბმულობაში, ნავთობპროდუქტების ბაზარზე და ფარმაცევტულ ქსელებში", - განმარტავს სილაგაძე და დასძენს, რომ ქვეყანამ ხელი უნდა შეუწყოს ახალი მოთამაშეების შემოსვლას, რომლებიც არსებულ კომპანიებს კონკურენციას გაუწევენ.
"თუ რომელიმე კომპანია აპირებს გასვლას, შეიძლება არის შიდა პრობლემა, რომლის არსი ჩვენთვის უცნობია. თუმცა უნდა ითქვას სიმართლეც, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი ბოლო პერიოდში, რაც ბიზნესის საქმიანობას შეაფერხებს. სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, ასევე მომსახურების სფერო, რომელსაც აქვს განვითარების პოტენციალი. იქ, სადაც არის ოლიგოპოლიის ნიშნები, უნდა შემოიყვანონ მსხვილი მოთამაშეები, რათა ბაზარი გადანაწილდეს", - დასძენს აკადემიკოსი.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"