კომპანია „იუნაიტდ პერსელ სერვისმა“ (UPS) გამოაცხადა, რომ „ტესლა მოტორსს“ 125 ერთეული ნახევრადმისაბმელი სარტვირთო ელექტრომობილი „ტესლა სემი“ შეუკვეთა. ეს ყველაზე დიდი შეკვეთაა, რაც ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ სატვირთო ელექტრომობილებზე მიიღო.
საფოსტო გზავნილების გადამზიდავი კომპანია, თავისი საავტომობილო პარკის ალტერნატიულ ენერგიაზე გადაყვანას გეგმავს და ეს შესყიდვა სწორედ ამ გეგმის ნაწილია. შეკვეთამდე, UPS-მა „ტესლას“ ის ინფორმაცია გაუზიარა, რომელიც გადაზიდვებს ეხება. ამის მიზანი ის იყო, რომ ელექტრო სატვირთოების საკუთარი საჭიროებისამებრ გამოყენების ეფექტურობაში დარწმუნებულიყო. პარალელურად კი „ტესლა“ სატვირთო ავტომობილებს, შემკვეთის სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით დაამზადებს.
„საუკუნეზე მეტია, რაც UPS-ი საკუთარი ოპერაციების ეფექტურობის გასაზრდელად, ახალ ტექნოლოგიებს ნერგავს. „ტესლას“ დახმარებით, ჩვენ ამ ტრადიციას გავაგრძელებთ. ამ შესანიშნავი ელექტრო სატვირთოებით, ჩვენ უსაფრთხოების, გარემოზე ნაკლები ზემოქმედების და ექსპლუატაციის ხარჯების ახალ ერას დავიწყებთ“, - ამბობს UPS-ის საინფორმაციო და საინჟინრო საქმეების შეფი, ხუან პერესი.
UPS-ის პარკში ამჟამად ელექტრო, ბუნებრივ აირსა და პროპანზე, ასევე სხვა არატრადიციულ საწვავზე მომუშავე ავტომობილები შედის. რაც შეეხება „ტესლას“, აქამდე ყველაზე დიდი შეკვეთა „პეპსიკოსგან“ მიიღო, რომელმაც 100 ელექტრო ნახევრად მისაბმელი სატვირთო შეუკვეთა.