20-მდე სახელმწიფო უნივერსიტეტი შესაძლოა მოგების გადასახადისგან გათავისუფლდეს. ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული.
კანონპროექტის მიზანია, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც არ არიან მოგების მიღებაზე ორიენტირებული, შეუმცირდეთ საგადასახადო ტვირთი და დაზოგილი თანხა მოახმარონ სწავლებისა და სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას, სტუდენტების, პროფესორებისა და მკვლევარებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნას და ა.შ.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას იქონიებს. კერძოდ, საშუალო წლიური გავლენა 6 მილიონ ლარზე მეტი არ იქნება.
რაც შეეხება უნივერსიტეტების მიერ გადახდილ მოგების გადასახადს, როგორც პროექტში ვკითხულობთ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი 2014 წელს - 3 808 324 ლარს, 2015 წელს - 1 619 964 ლარს, 2016-ში - 5 671 980 ლარს, ხოლო 2017 წლის 10 თვის მონაცემებით - 2 163 075 ლარს შეადგენდა.