2016 წლის ბიუროკრატიულმა ხარჯმა 3 146 900 ლარი შეადგინა, - აღნიშნული მონაცემები „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გაავრცელა.
ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ბიუროკრატიული ხარჯი ყოველწლიურად მზარდია: 2015 წლის ბიუროკრატიული ხარჯი შეადგენდა 2 804 900 ლარს, 2014 წელს - 2 665 500 ლარს, 2013 წელს 2 406 000 ლარს, 2012 წელს - 2 500 600 ლარს, ხოლო 2011 წელს - 2 347 200 ლარს.
IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს ბიუროკრატიული აპარატის ზომა და მის უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებს საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და საჭიროებს შემდგომ ოპტიმიზაციას.
„2011-2016 წლებში სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულების, შრომის ანაზღაურების, სამივლინებო, წარმომადგენლობითი, ავტოპარკის და სატელეკომუნიკაციო ხარჯებზე საქართველოს ბიუროკრატიული სისტემის ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტული მიმართულებით (ავტოპარკი, საწვავის მოხმარება, დასაქმებულთა ოდენობა ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში) მოახდინა ბიუროკრატიული ხარჯების მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია, თუმცა გამოწვევად კვლავ რჩება ბიუროკრატიის ხარჯების ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის სამართლიანი და დაბალანსებული ანაზღაურების სისტემა, სახელმწიფო სსიპ-ებისა და ააიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი ფუნქცია მოვალეობები, შტატგარეშე თანამშრომელთა დასაქმების და ანაზღაურების წესები. მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, საქართველოს ბიუროკრატიული აპარატის ზომა და მის უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებს საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და საჭიროებს შემდგომ ოპტიმიზაციას“, - აღნიშნულია IDFI-ის მიერ გავრცელებულ კვლევაში.