24 დეკემბერს მე მივდივარ ანაკლიაში, რომ პირველი ბარი დავარტყათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კვირიკაშვილის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი სრულიად სხვა საფეხურზე უნდა გადაიყვანოს.
”მე ძალიან მახარებს ბოლო დღეების დინამიკა, უკვე არსებულ კომპანიებთან ერთად, ძალიან სერიოზული ჩინური კომპანიები ინტერესდებიან დამატებით. კონსორციუმში უკვე არიან ქართული და ამერიკული კომპანიები, პორტის მენჯმენტის კომპანია სიეტლიდან, ეს არის გიგანტი კომპანია, რომელიც ანაკლიაში შემოდის არა მხოლოდ მმართველად, არამედ ინვესტორადაც და ეს არის უზბეკური კომპანია, ასევე ჩინური კომპანია, რომელმაც ბოლო დღეებში გამოთქვა 70 მილიონიანი ინვესტირების მზაობა. ეს არ არის დასასრული და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში შედგება მთლიანად კაპიტალის სტრუქტურირება. მე მივდივარ ანაკლიაში, რომ პირველი ბარი დავარტყათ. ეს იქნება უკვე სამშენებლო სამუშაოების გახსნა და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, ანაკლია არ არის მხოლოდ პორტი და ეს არის რამდენიმე ათასი კვადრატული კილომეტრი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც იქ გაშენდება.
”პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის საქართველოს ეკონომიკის მომავალი რამდენიმე ათწლეული განვითარების ლოკომოტივი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.