2017 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები და გამოწვევები

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ 2017 წლის ძირითად მაკროეკონომიკურ მონაცემებს აჯამებს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს აფასებს.

საკითხზე „აფბას“ პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში ისაუბრა.

გულბანის თქმით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის გამოყოფა შეიძლება.

„მათ შორის თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რამაც უნდა განამტკიცოს საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ რუკაზე, როგორც დამაკავშირებელი ხიდი ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის. ამ კუთხით უნდა აღნიშნოს, რომ საქართველო სათანადოდ ვერ იყენებს ამ შესაძლებლობას, რაც სახელმწიფოში შესაბამისი სატრანსპორტო-ლოჯისტიკური პოლიტიკის არ არსებობასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა, რაც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებს და გაზრდის საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობას, რის გამოც პროექტი უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა ჩინეთთან, რამაც საქართველოში წარმოებულ პროდუქტებსა და მომსახურებას, მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე გაუხსნა გზა, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ცხადია, ეს წინგადადგმული ნაბიჯია და ექსპორტზე ორიენტირებულ მეწარმეს, მეტ სტიმულს უჩენს გავიდეს უმსხვილეს ბაზარზე.

საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით აღსანიშნავია მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვა, რამაც ბიზნესს მოგების რეინვესტირების სტიმული მისცა. 2017 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, რეფორმის ფარგლებში უცხოელმა ინვესტორებმა რეინვესტირების სახით 600 მილიონი აშშ დოლარი ჩააბრუნეს განვითარებისთვის, რაც თავისთავად მეტ წარმოებას და მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. რეფორმის ნაკლოვანებას რაც შეეხება, ეს მეტწილად დაკავშრებულია იმ რეალობასთან, როდესაც საქართველოში პროდუქციის ძირითადი გამომშვები მსხვილი ბიზნესია და შესაბამისად ის მეტად სარგებლობს რეფორმით, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს შესაძლებლობა მოგება არ წაიღოს და გაფართოვების მიზნით ბიზნესის განვითარებას მოახმაროს, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესში, მცირეა იმგვარი კატეგორია, რომელიც ამ რეფორმით ისარგებლებს, ვინაიდან მათი შემოსავლები ძირითადად მიმდინარე საჭიროებების დაკმაყოფილებას ხმარდება“ - განაცხადა გულბანმა.

რაც შეეხება წლის მთავარ დაბრკოლებებს, „აფბას“ წარმომადგენელმა მთავარ გამოწვევად ლარის კურსის მკვეთრი მერყეობები დაასახელა.

„2017 წელს არსებული გამოწვევებიდან მნიშვნელობის თვალსაზრისით ლარის კურსი ლიდერობს. დოლარიზაციის ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებელი, ლარის გაუფასურების დროს მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევს მსესხებლებისთვის დოლარში ვალდებულებების ზრდის კუთხით, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ მსყიდველუნარიანობაზე და შესაბამისად უარესდება სოციალური ფონი. ვერ ვიტყვით, რომ ეროვნულმა ბანკმა თავი გაართვა მოკლევადიან პერიოდებში ლარის კურსის მკვეთრი მერყეობების თავიდან არიდებას, ეს მეტწილად ბაზარმა და ეკონომიკაში მიმდინარე დადებითმა ტენდენციებმა განაპირობა, თუმცა წლის განმავლობაში სებ-ის მიერ დედოლარიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები შეიძლება შეფასდეს დადებითად, გამომდინარე იქიდან, რომ სებ-ის პოლიტიკამ დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებაზე გავლენა იქონია.

2017 წელსაც არსებულ გამოწვევად ნარჩუნდება ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმიუწვდომლობა და არადივერსიფიცირებული ფინანსური ბაზრები, განუვითარებელი საფონდო ბირჟა და ძვირი საკრედიტო რესურსი. აღნიშნული გარემოებები აფერხებს კერძო ინიციატივების დაფინანსებას და შესაბამისად საფუძველშივე კლავს მრავალ პოტენციურად წარმატებულ ბიზნესს, რაც უნდა ყოფილიყო რეალური განვითარების გარანტი“, - განმარტავს გულბანი.

ამასთან, გულბანმა 2017 წლის ძირითად მაკროეკონომიკურ მონაცემებზეც ისაუბრა.

„2017 წლის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 4,9%-ა. ათი თვის მონაცემებით, ზრდამ 4,9% შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2017-2022 წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდა საქართველოში 4,8% იქნება, რაც რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელია. 2010-2016 წლებში მშპ-ს რეალური ზრდა საშუალოდ 4,7% იყო. გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ როგორ ვითარდება მოვლენები რეგიონში, მაგალითად რუსეთის ეკონომიკური გამოწვევები, რაც განპირობებულია ერთის მხრივ საერთაშორისო სანქციებით, ხოლო მეორე მხრივ მთელ რიგ ნავთობპროდუქტებზე ფასების დაცემით, რაც თავის მხრივ პრობლემებს უქმნის რეგიონში რუსეთთან დაკავშირებულ ქვეყნებს (სომხეთი, ბელორუსი). საომარი ვითარება უკრაინაში, არანაკლებ რთული საშინაო და საგარეო გამოწვევები თურქეთისთვის ბუნებრივია საქართველოზეც აისახება, თუმცა ეს აუცილებლად არ გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ზრდის დაბალი ნიშული შენარჩუნდება, მთავრობის მიერ მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სასურველი შედეგის მიღწევა,“-განაცხადა გულბანმა.

მისივე შეფასებით, 2017 წელი ვერ იყო წარმატებული ქვეყანაში პროდუქტებზე და მომსახურებებზე ფასების საერთო დონის ზრდისგან პრევენციის კუთხით.

„ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2017 წელს 4 პროცენტია, თუმცა წლიური ინფლაცია ნოემბერში 6,9%-ის დონეზეა. სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების ანალიზი ცხადყოფს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსში შემავალ მთელ რიგ პროდუქტებზე და მომსახურებებზე, მათ შორის მედიკამენტებზე და სამედიცინო სერვისებზე ფასები გაზრდილია. მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ასევე სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, მათ შორის თამბაქოზე და ალკოჰოლურ სასმელებზე. მეტწილად ამგვარი ზრდა არის ერთგვარი შედეგი ერთი მხრივ აქციზური განაკვეთების ზრდის, ხოლო მეორე მხრივ ლარის კურსის მკვეთრი დევალვაციის. 2018 წლის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტია, რაც შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმისტური და მიღწევადი პროგნოზია, გამომდინარე იქიდან, რომ ისეთი ერთჯერადი ფაქტორის გავლენა როგორიც იყო აქციზური განაკვეთის ზრდა ამოიწურა და პლუს ლარის კურსიც 2,50 ნიშნულის ფარგლებში უნდა იყოს შენარჩუნებული ქვეყნის მონეტარული და ფისკალური ხელისუფლების მიერ, სწორედ ამ ნიშნულზე არის დაგეგმილი 2018 წლის ბიუჯეტი.

საკმაოდ წარმატებული გამოდგა 2017 წლის სამი კვარტლის მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაჩვენებელი. კერძოდ, პირველ სამ კვარტალში მილიარდ 346 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უმსხვილესი ინვესტორების ტოპ სამეული კვლავ აზერბაიჯანი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო არიან. ეკონომიკის სექტორების მიხედვით უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი დარგი ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაა, შემდეგ მშენებლობა, ენერგეტიკა და საფინანსო სექტორი. კვლავ პრობლემად რჩება პორტფელური ინვესტიციების მცირე წილი მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელში, რაც კაპიტალის ბაზრების განვითარების დაბალ დონეზე მეტყველებს“ - აცხადებს შოთა გულბანი.