აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოცხადდა

აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია იგეგმება. ამ მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 045 420 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 18 იანვარს დაიწყება და 22 იანვარს დასრულდება.

ტენდერის მიხედვით, საქართველომ რეგიონული განვითარების მესამე პროექტისთვის (RDP III) მსოფლიო ბანკის დაფინანსება მიიღო, რომლის გარკვეული ნაწილი აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაციის მიზნით იქნება გამოყენებული.

„მონაწილემ საკონკურსო წინადადების ფასი უნდა დააფიქსიროს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი წინადადება იქნება უარყოფილი. საკონკურსო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების საგარანტიო დეკლარაცია ვადით: 1 წელი სატენდერო წინადადებების გახსნის დღიდან. აღნიშნულ შესყიდვაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები. სატენდერო წინადადებების წარდგენა და წინადადებების გახსნა ჩატარდება ელექტრონულად სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, გარკვეული მოდიფიკაციებით. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ძირითადი მოდიფიკაციები შემდეგია: გაუქმებულია ვაჭრობის სამი რაუნდის ფუნქციონალობა. ვაჭრობის დამატებითი რაუნდები არ გამოიყენება; ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის წინასწარი/სავარაუდო ღირებულება ღიაა, თუმცა ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ წინადადების ფასი, რომელიც შეიძლება იყოს სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი. ამასთან, სატენდერო წინადადების ფასის დადგენა არის ტენდერის მონაწილის პასუხისმგებლობა, რაც დაფუძნებული უნდა იყოს მიმდინარე საბაზრო ფასებზე და სხვა ფაქტორებზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ წარმოდგენილი სამუშაოების განფასებაზე,“-ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.