ბიტკოინ ქეში ყველა დროის რეკორდს ამყარებს

ბიტკოინის მსგავსად, რეკორდულად იზრდება მისი განაყოფის, ბიტკოინ ქეშის ფასი, რომელმაც დღეს მაქსიმუმი განაახლა.

ზრდა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ სან-ფრანცისკოში ბაზირებულმა ბიტკოინით მოვაჭრე პლატფორმა „კოინბეიზმა“, ინვესტორებს ბიტკოინ ქეშით ვაჭრობის საშუალებაც გაუხსნა.

ბიტკოინ ქეში ბიტკოინს 1 აგვისტოს გამოეყო. გაყოფის მიზანი ისეთი ვალუტის შექმნა იყო, რომელიც ბიტკოინთან შედარებით, ტრანზაქციების უფრო სწრაფ და იაფ განხორციელებას უზრუნველყოფდა. ფორკის შემდეგ, „კოინბეიზი“ დაჟინებით აცხადებდა, რომ ბიტკოინ ქეშის მხარდაჭერას არ აპირებდა. ამ ფონზე, გუშინდელი გადაწყვეტილება ციფრული ვალუტების ბაზრისთვის მოულოდნელობა იყო.

ფორკის შემდეგ, ბიტკოინ ქეში სწრაფად დამკვიდრდა ბაზარზე და კაპიტალიზაციის მხრივ, ამჟამად ციფრულ ვალუტებს შორის მესამე ადგილზეა. მისი სრული კაპიტალზაცია 58.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბიტკოინ ქეშის ფასის ზრდას თან დრამაც ახლდა. საქმე ისაა, რომ ფასი „კოინბეიზის“ განცხადების გამოქვეყნებამდევე მკვეთრად ავარდა. ეს კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ზოგმა ინვესტორმა სავაჭრო პლატფორმის გადაწყვეტილება უფრო ადრე გაიგო და სასწრაფოდ დაიწყო ბიტკოინ ქეშის შესყიდვა.

„კოინბეიზის“ მთავარი აღმასრულებელი, ბრაიან არმსტრონგი ამბობს, რომ თუ მისი კომპანია დაადგენს, რომ ინფორმაციის გაჟონვაში, მისი თანამშრომლების ხელი ურევია, მაშინ ისინი სამსახურს დაუყოვნებლივ დაკარგავენ. გარდა ამისა, კომპანიამ კლიენტებს შეატყობინა, რომ თავის თანამშრომლებს ბიტკოინ ქეშით ვაჭრობა რამდენიმე კვირის განმავლობაში აკრძალული აქვთ.

„ბიტფაინექსის“ პლატფორმაზე, ბიტკოინ ქეშის ფასი 1 599.20-დან 3 750.00 დოლარამდე გაიზარდა. იმავდროულად, შემცირდა ბიტკოინის ფასი. ყველაზე პოპულარულმა ციფრულმა ვალუტამ „წონაში“ 9.27 პროცენტით, 1 754.00 დოლარამდე დაიკლო. ბიტკოინის მაქსიმუმი კვირას, 19 891.00 დოლარის დონეზე დაფიქსირდა, რაც ფიუჩერსებით მოვაჭრე, ჩიკაგოში ბაზირებულ CME-ზე ვაჭრობის დაწყებამ განაპირობა.

მერაბ ლორთქიფანიძე