გიორგი კვირიკაშვილმა იმ ობიექტების სია წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს სახელმწიფომ რუსულ კომპანიებზე გაასხვისა

პრემიერ-მინისტრობმა გიორგი კვირიკაშვილმა იმ ობიექტების სია წარმოადგინა, რომელიც მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სახელმწიფომ რუსულ კომპანიებზე გაასხვისა.

ობიექტების სიის ჩამოთვლამდე გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც „როსნეფტის“ მიერ ფოთის ტერმინალის შეძენის საკითხს შეეხებოდა.

„რაც შეეხება „როსნეფტის“ მიერ ფოთის ტერმინალის შეძენის საკითხს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, „როსნეფტი“ იმყოფება ირიბ მფლობელობაში იმ ტერმინალთან, რომელიც ფოთის პორტში ნავთობის გადაზიდვას ახდენს. ეს იყო კერძო გარიგება, რომელიც კერძო პირებს შორის გაფორმდა. პირველი გასხვისება მოხდა ხელისუფლებაში ჩვენს მოსვლამდე. შემდეგ უკვე კერძო მფლობელმა გაასხვისა ეს ობიექტი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იქ არის ოფშორული კომპანია, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ ბენეფიციარი მფლობელია „როსნეფტი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა იმ ობიექტების სია წარმოადგინა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფომ რუსულ კომპანიებზე გაასხვისა. მათ შორის, „ჟინვალჰესი“ „ხრამი 1“, „ხრამი 2“, გარდაბნის მე-9 ენერგობლოკი, გარდაბნის მე-10 ენერგობლოკი, მადნეული, კვარციტი, რუსული კომპანია „ბილაინი“, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოვიდა და ლიცენზია მიიღო, გაერთიანებული ქართული ბანკი, რომელიც „ვითიბიზე“ გასხვისდა (ეს არ იყო სახელმწიფო ბანკი და ეს უბრალოდ კერძო ტრანზაქციიაა), „ლუკოილი“, რომელიც ბაზარზე შემოვიდა, ე.წ. არამიანცის პირველი საავადმყოფო, თბილისის წყალი და ა.შ.

„წინასწარვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს კომპანიები დღეს ფუნქციონირებენ საქართველოში და ჩვენს ხელისუფლებას არანაირი პრეტენზია მათ მიმართ არ გააჩნია და ეს ჩამონათვალი არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ ვუპირისპირდებით, მაგრამ მე უბრალოდ ფაქტი მომყავს, თქვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელებული პრივატიზებების“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ეს არის მოკრძალებული ჩამონათვალი, „უბრალოდ კონტრასტისთვის, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, როდესაც თქვენ ამ კუთხით პრეტენზიებს გვიყენებთ“.