ფოთის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა იწყება.
ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიორგი კობერიძემ და ერთობლივი საწარმო Ludwig Pfeiffer Hoch – und Tiefbau GmbH & Co. KG და EMIT Group – Ercole Marelli Impianti Tecnologici S.r.l.-ის წარმომადგენელმა ელენე ჯული შპრინგერმა ქალაქ ფოთის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც განახორციელებს სრულ ბიოლოგიურ წმენდის ციკლს. შედეგად, შემცირდება ეკოლოგიის დაბინძურების საფრთხე და გარემოზე მავნე ზემოქმედება. სამშენებლო სამუშაოებს, 44 684 016.18 ლარით, აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს. სამუშოების დასრულება 2 წელიწადში იგეგმება.
კომპანია Ludwig Pfeiffer Hoch – und Tiefbau GmbH & Co. KG შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაკვეთით წყალარინების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა: ზუგდიდის წყალარინების სისტემის მშენებლობა, ანაკლიის, ურეკისა და ზუგდიდის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.