საგადასახადო სისტემა ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ დაბალი გადასახადები გამართულ და ძლიერ ეკონომიკას სულაც არ ნიშნავს.
ამის დასტურია ისიც, რომ ევროპის ბევრი მოწინავე ქვეყნის მოსახლეობა გადასახადებში თავისი შემოსავლის სოლიდურ ნაწილს იხდის. ჩვენ დავინტერესდით, სად არის ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემა ევროპის მასშტაბით და ამის გასარკვევად თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელს - ვახტანგ ჭარაიას მივმართეთ. ვახტანგ ჭარაია იმ ქვეყნებზე გვიამბობს, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია:
ანდორა
ანდორა ჯუჯა სახელმწიფოა, რომელიც სამხრეთ ევროპაში, პირენეებში მდებარეობს. ამ ქვეყნის ეკონომიკის მთავარი დასაყრდენი თამბაქოს ექსპორტი და ტურისტული ინდუსტრიაა. ამ პატარა სახელმწიფოში ევროპის მასშტაბით ყველაზე დაბალი გადასახადებია. ამ მხრივ ანდორაში ძალზე ხელსაყრელი პირობებია. ანდორელები მარტო საშემოსავლო გადასახადს იხდიან, ოღონდ ის, ვისაც წელიწადში 24 ათას ევროზე ნაკლები შემოსავალი აქვს, საერთოდ არ იბეგრება.
ბულგარეთი
ბულგარელებს ევროპის მასშტაბით ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემა აქვთ. ამ ქვეყანაში გადასახადები ძალზე დაბალია. საპროცენტო განაკვეთი კორპორაციულ მოგებაზე აქ 10%-ია. როგორ წესი, ბიზნესმენები ცდილობენ ასეთი ქვეყნები მოიძიონ, მაგრამ ბულგარეთში ნახევარი წლის განმავლობაში მაინც უნდა იცხოვრო, რომ საგადასახადო შეღავათები შეგეხოს. მიუხედავად დაბალი გადასახადებისა, ბულგარეთი ერთ-ერთი ჩამორჩენილი და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა ევროპაში. ბულგარელების ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა მანქანათმშენებლობის ნაწარმი, კვების პროდუქტები, ღვინო, თამბაქო და ტექსტილი. მათი ეროვნული ვალუტა არის ბულგარული ლევი.
ჩეხეთი
ჩეხეთის რესპუბლიკაში ყველაზე დიდი ქალაქი მისი დედაქალაქი პრაღაა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1,3 მილიონს ადამიანს შეადგენს. ქვეყნის მთავარი რესურსებია - ქვანახშირი, თიხა, გრაფიტი და ხე-ტყე, ხოლო ვალუტა - ჩეხური კრონა. ჩეხეთი ევროპის ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა, როგორც ბიზნესის კეთებისთვის, ასევე ცხოვრების დონითაც. აქ გადასახადებიც შეღავათიანია: კორპორაციული გადასახადი ჩეხეთში 15%-ია, ხოლო თვითდასაქმებულები შემოსავლის 9%-ით იბეგრებიან.
მალტა
მალტაც ჯუჯა სახელმწიფოა, რომელიც სამხრეთ ევროპაში მდებარეობს - ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულ არქიპელაგზე. ამ ქვეყნის მთავარი კუნძულებია მალტა, გოცო და კომინო. მალტის ეროვნული შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია, ხოლო რესურსები - კირქვა, მარილი და სასოფლო-სამეურნეო მიწები. მალტაში კორპორაციული გადასახადი ძალიან დაბალია - 5 პროცენტის ოდენობით, ხოლო საშემოსავლო გადასახადი - 15%-ია, თუმცა იქ სხვა ტიპის გადასახადებია მაღალი, მაგალითად, ქონების გადასახადი - თუ მალტაზე სახლი გაქვთ, ყოველწლიურად 15 ათასი ევრო უნდა გადაიხადოთ.
მონაკო
დაბალი გადასახადებით თავს იწონებს კიდევ ერთი ჯუჯა სახელმწიფო - მონაკო. მონაკოს ფართობი მხოლოდ 1,98 ათასი კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 2014 წლის მონაცემებით 37 800 კაცია. მონაკო რიგით მეორე, ყველაზე პატარა დამოუკიდებელი ქვეყანაა მსოფლიოში ვატიკანის შემდეგ. მონაკოს ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო არის ტურიზმი. მონაკოს კაზინოები და სასიამოვნო კლიმატი ყოველწლიურად მრავალ ტურისტს იზიდავს. სხვათა შორის, მონაკოს მოქალაქეებს არა აქვთ უფლება აზარტულ თამაშებში მონაწილეობა მიიღონ. მონაკოში გადასახადები ყველაზე დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ მონაკოს არა აქვს ბუნებრივი რესურსები, ეს ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა ევროპაში, სადაც მშპ ერთ სულზე 78 700 დოლარს აღწევს.
ხათუნა ჩიგოგიძე