სამართლის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მთავრობის ბაღებში გადასახადის დაწესების ინიციატივაზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"საბავშვო ბაღებში გადასახადის დაწესების ინიციატივით მთავრობამ ცხადი გახადა სახიფათო დამოკიდებულება:
ა) თვითმმართველობისადმი. ფიქციად და მას დაქვემდებარებულ უწყებად მიაჩნიათ - თვითმმართველობის კოდექსით საბავვშვო ბაღები მუნიციპალიტეტების ექსკლუზიური კომპეტენციაა და მთავრობას არ შეუძლია მასში ჩარევა.
ბ) მოსახლეობის საგადასახადო ტვირთისადმი - ყველა რესურსს პოულობს რომ ახალი გადასახადი ან საფასური შემოიღოს. აქციზის ზრდა ალკოჰოლსა და თამბაქოზე (მეტს ვეღარ ზრდის თორე გაზრდიდა), ავტომობილების ბეგარის ზრდა (ქონების გადასახადითაც დაბეგრავს), საპენსიო სავალდებულო (!) შენატანი, საბავშვო ბაღები...
გ) ბიუროკრატიისა და ხელფას-პრემიების შემცირებისადმი - ადმინისტრაციული ხარჯების გამოთავისუფლებაზე, კომფორტის შემცირებაზე და ამ თანხებით საბავშვო ბაღების ასიგნებების ზრდაზე ამბობს უარს და მოსახლეობას უყოფს ხელს ჯიბეში.
დ) დეცენტრალიზაციისადმი - მუნიციპალიტეტებისათვის საკმარისი ფინანსების და საბავშვო ბაღების შენახვისთვის საკმარისი ფულის გადაცემის ნაცვლად, მშობლების ჯიბეში აფათურებს ხელს.
არ არის კარგი საქმე" - წერს ალაფიშვილი.