„ლიბერთი ბანკის“ მიერ „ქართუს“ შეძენასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში კონსულტაციები არ ყოფილა“

„ლიბერთი ბანკის“ მიერ „ქართუ ბანკის“ შეძენასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში ინფორმაცია არ აქვთ. როგორც სებ-ში აცხადებენ, არც წინასწარი კონსულტაციები და არც ოფიციალური მიმართვა გარიგების თაობაზე ეროვნულ ბანკში არ შესულა.

„ლიბერთი ბანკის“ მიერ „ქართუს“ შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, თუმცა აღნიშნულს „ლიბერთი ბანკში“ არ ადასტურებენ.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ „ლიბერთი ბანკს" აქციათა საკონტროლო პაკეტის წილის მფლობელები შეეცვალა. კერძოდ, აქციათა 74.64%-იანი წილი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებულმა კომპანიამ European Financial Group B.V.-მ (შემდგომში EFG) შეიძინა. ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები კი ირაკლი რუხაძე, ბენ მარსონი და იგორ ალექსეევი გახდნენ.

საჯარო რეესტრის 6 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი გიორგი კალანდარიშვილი, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე არიან.

რაც შეეხება „ქართუ ბანკს“, რეესტრის 6 დეკემბრის ამონაწერით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, წევრები კი ბესიკ დემეტრაშვილი და ეთერი დემინაშვილი არიან. ამასთან, ბანკის გენერალური დირექტორის პოსტს ნატო ხაინდრავა იკავებს.