საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ წარმოების 2 ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს არარეგისტრირებული ორი საწარმო, სადაც ხდებოდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოება.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოეწყო საწარმოები, სადაც სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, ხდებოდა სარეცხი საშუალებების - ABC, „პერსილის“, „არიელის“, „კალგონის“, „ფეირის“, „ფენას“, „გუტას“, „დომესტოსის“ უკანონო დამზადება.

„გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები, ბოთლები, ტექნიკური მოწყობილობები, ასევე სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 2000 ერთეულამდე სხვადასხვა დასახელების სარეცხი საშუალებ’, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.