ათენში გამართულ ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს პრეზიდენტად ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
როგორც სემეკიდან იუწყებიან, მარეგულირებელი საბჭო ენერგეტიკული გაერთიანების ერთ-ერთი ინსტიტუტია, რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების პლატფორმას. საბჭო ხელს უწყობს ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნებისათვის მარეგულირებელი პრაქტიკის ჰარმონიზებასა და იმპლემენტაციას.
როგორც სემეკში განმარტავენ, „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ საქართველომ ვალდებულება აიღო ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციაზე. აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, საქართველომ 2016 წელს ხელი მოაწერა ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოქმს და 2017 წლის პირველი ივლისიდან საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია.