„სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი“ სამი საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებას გეგმავს

„საქართველოს რკინიგზის“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობით დაფუძნებული „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი“ 2018 წლის გაზაფხულიდან სამი საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებას გეგმავს, ხოლო სექტემბრიდან ოთხ ჩარჩო დოკუმენტში გაერთიანებული სარკინიგზო მიმართულების ყველა საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელდება.

როგორც „საქართველოს რკინიგზიდან“ იუწყებიან, კოლეჯში სწავლის მსურველები დაეუფლებიან შემდეგ პროგრამებს: ელექტრომოძრავი შემადგენლობის მექანიკოსი, სავაგონო მეურნეობის მექანიკოსი, ლიანდაგის მონტიორი, სარელსო დეფექტოსკოპისტი, ლოკომოტივის მემანქანე, სარკინიგზო გადამზიდავი, სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება, რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის სპეციალისტი.

ტექნიკური განათლების მიღებას უზრუნველყოფს Deutsche Bahn - გერმანიის რკინიგზის შვილობილი კომპანიის წამყვანი სპეციალისტები. ამ დროისთვის მიდინარეობს კოლეჯის პედაგოგთა გადამზადების მეორე ეტაპი.

„ჩვენი საქართველოში და „საქართველოს რკინიგზაში“ ყოფნის მიზანია, მოვამზადოთ ლექტორები ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში წაიკითხავენ ლექციებს. ჩვენ ვეხმარებით მათ, იმოქმედონ ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, რაც კომუნიკაციის სტანდარტების რამდენიმე საკითხს მოიცავს. ეს საკითხებია: პოზიტიური, მოტივირებული კომუნიკაციის წესების და სტანდარტების ცოდნა; სწავლების ტექნოლოგიური მხარე და ინსტრუქტორის პიროვნული მომზადების ფაქტორი. შემდეგი საკითხი, რომლის მიხედვითაც მოხდება სწავლება, გაკვეთილის მომზადებისათვის აუცილებელი გეგმის შედგენა და დროის ეფექტურად განაწილებაა. ეს არის სწავლების პროცესის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომლის დროსაც ხდება ექსპერტის გადაცემის უნარის, ცოდნისა და გამოცდილების დემონსტრირება პედაგოგების მოსამზადებლად. აგრეთვე, მათ უნდა მოახერხონ გეგმის შედგენა-დაწერა დასახული მიზნების გათვალისწინებით. ბოლო ეტაპზე ჩატარდება ტესტირება. ასეთია ჩვენი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობს დაახლოებით 30 მომავალი პედაგოგი“, - განაცხადა „გერმანიის რკინიგზის წარმოადგენელმა უდო მაიერმა.

„საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელი შოთა მარგიშვილი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა მონაწილეობა მიიღო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაგეგმილ საგრანტო კონკურსში და მოიპოვა გამარჯვება. ამ გრანტის ფარგლებში, გარდა იმისა, რომ ფინანსდება სარკინიგზო კოლეჯის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანური რესურსების განვითარება, რაც მოიცავს პედაგოგთა გადამზადებასაც.

„გერმანელი სპეციალისტები ასწავლიან მომავალ პედაგოგებს ნაყოფიერ კომუნიკაციას, თუ როგორ დაგეგმონ ლექციები, როგორ შეადგინონ ეფექტური გეგმა და გადასცენ ცოდნა სტუდენტებს. „საქართველოს რკინიგზის“ კონკრეტული დარგის სპეციალისტების გარდა, სწავლებაში აქტიურად არიან ჩართული ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელები, ასევე ის სპეციალისტები, რომლებიც შეირჩნენ კონკურსის წესით, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უშუალო მონაწილეობით“, - განაცხადა მარგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სწავლა ვაუჩერიზაციის სისტემით მოხდება, რომელსაც სრულად აფინანსებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, წარმატებულ კურსდამთავრებულებს კი შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ „საქართველოს რკინიგზაში“.