კანონი დგას ჩემ აზრზე მაღლა, - ასე პასუხობს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელია საბავშვო ბაღები კვლავ ფასიანი გახდეს.
მედიის წარმომადგენლები კახა გვანცელაძისგან აღნიშნული თემით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პირადად მისი აზრით, გარკვეული ოჯახები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა საბავშვო ბაღებში გადასახადი გადაიხადონ, ის უნდა გადაიხადონ.
"პრემიერმა თავად აღნიშნა, რომ ეს არის იდეა, რომელიც განხილვის პროცესშია. ჩემს პოზიციას რაც შეეხება, თვითმმართველობის აღმასრულებელი რგოლი ვართ. შესაბამისად, რა საკანონმდებლო ცვლილებაც განხორციელდება, აღვასრულებთ ამ გადაწყვეტილებას. კანონი დგას ჩემ აზრზე მაღლა. აქედან გამომდინარე, რა ცვლილებებიც განხორციელდება კანონმდებლობაში, ჩვენ აღვასრულებთ.
რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, თანხები სხვადასხვა წელს სხვადასხვაა. თუმცა ბაღების მშენებლობა გათვალისწინებულია მომავალ წელსაც. ბაღების მშენებლობის კუთხით, თავისთავად ხარჯები იზრდება,"- განაცხადა გვანცელაძემ.