პარლამენტმა მესამე მოსმენით საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა მესამე - საბოლოო მოსმენით საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიიღო.

კანონში დაგეგმილი ცვლილებები 63 ხმით, სამი წინააღმდეგი დაამტკიცეს. აღნიშნული კანონის მიღებისათვის საკმარისი კვორუმი 50 ხმა იყო.

პარლამენტის მიერ მიღებულ პროექტში კვლავ წარმოდგენილია ის ძირითადი სადავო საკითხები, რის გამოც მას წამყვანი კომიტეტი - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მხარს არ უჭერს.

ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს. შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორის წარდგინების საფუძველზე. ამასთან, ”მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ”დამწყები საწარმო” (სტარტაპის) მნიშვნელობის განმარტება დაემატა, რომლის მიხედვით, ეს არის მეწარმე სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში, საქართველოს მოქალაქის/მოქალაქეთა ჯგუფის მიერ და მისი შექმნიდან არ გასულა 6-თვე.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროსი (19:00 – 24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3-წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში ნაცვლად 6 წუთისა, 12 წუთს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალების დროს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა).

ცვლილებების პროექტით, იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში შესატანი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.