დაქორწინება მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება

მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა აღარ იქნება.

მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი სტატუსს იმ შემთხვევაში დაკარგავს, თუ ბავშვის დაბადების აქტში მეორე მშობლის შესახებ ჩაიწერება.

შესაბამისი ცვლილებები “სამოქალაქო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით - 76 მომხრე, ერთი წინააღმდეგი მიიღო.

კანონში აღნიშნული ცვლილების განხორციელების წინადადებით პარლამენტს სახალხო დამცველმა მიმართა.

მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა) ცნება “სამოქალაქო კოდექსში“ 2014 წლის ცვლილებებით განისაზღვრა. მარტოხელა მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა.

“სამოქალაქო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი ნორმის თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა.

ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი გარკვეული შეღავათებით სარგებლობს. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მისი წლიური 3000 - ლარიანი შემოსავალი, სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეყვანის შემთხვევაში კი, იღებს ყოველთვიურ შემწეობას. “სამოქალაქო კოდექსის“ გათვალისწინებით, ქორწინების შემთხვევაში მარტოხელა მშობელი ამ შეღავათებს კარგავს.

საკანონმდებლო წინადადებაში სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ უმართებულოა, როდესაც მარტოხელა მშობელი ქორწინების რეგისტრაციისთანავე კარგავს კანონით გათვალისწინებულ შეღავათს, რადგან დედინაცვლის/მამინაცვლის ინსტიტუტი შვილის თანასწორად გერზე სრულყოფილად ზრუნვის შესაძლებლობას ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თუ მარტოხელა მშობელს ქორწინების რეგისტრაციისთანავე შეუწყდება სტატუსი, კანონით დაურეგულირებელი დარჩება განქორწინების შემთხვევაში ბავშვზე ზრუნვის ტვირთის განაწილების, მარტოხელა მშობლის სტატუსის ხელახლა მიღების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ან სკოლაში ბავშვის რეგისტრაციის, ბავშვის ჯანმრთელობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2017 წლის 12 აპრილს, წერილობით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 16 ივნისიდან დღეის მდგომარეობით მარტოხელა მშობლის სტატუსი 1 539 პირს მიენიჭა, საიდანაც მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა 1 514 შემთხვევაში, ხოლო ნაწილობრივ - 25 შემთხვევაში. აქედან, 2016 წელს მარტოხელა დედის სტატუსი მიენიჭა 1 086 პირს, ხოლო 2017 წელს 12 აპრილის მდგომარეობით, 328 პირს.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, მარტოხელა მშობლის სტატუსი დაქორწინების მიზეზით გაუუქმდა 15 მშობელს - 2016 წელს - 12 მშობელს, 2017 წელს - 3 მშობელს.