”ინოვაცია ონლაინმედიაში” - ასე ჰქვია მედიაჰაკათონს, რომელიც 22 დეკემბერს ”სილიკონ ველი თბილისის” სივრცეში დაიწყო.
ჰაკათონის მონაწილეებმა დაიწყეს პროექტების, იდეებისა და ტექნოლოგიური რესურსების შემუშავება, რომლებიც მედიას კონტენტის შექმნაში, მის მონეტარიზაციასა და მომხმარებელთა ჩართულობის ზრდაში დაეხმარება.
ჰაკათონში მონაწილეობენ 2-4 პირისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებსაც აღნიშნული მიმართულებით ინოვაციური იდეა და მისი განხორციელების სურვილი აქვთ. ჰაკათონის ორგანიზატორია ”ინტერნიუსი - საქართველო” ”ინტერნიუს - ნეტვორქთან ერთად” და ის პროექტის ”დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში” ფარგლებში იმართება.
”ინტერნიუსი-საქართველოს” პროექტის დირექტორის, მაია მიქაშავიძის განმარტებით, მედიაჰაკათონის მიზანია, ონლაინ მედიის განვითარება და ტრადიციული მედიის ვებ მიმარულებით განვითარებაც. "ამაში ჰაკათონი ძალიან დაგვეხმარება. ქართული მედიის განვითარებისთვის ასეთი ჰაკათონები და ზოგადად, ტექნოლოგიები და ინოვაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო მედია იცვლება, შემოდის ტექნოლოგიები და ქართულ მედიას ასეთი ჰაკათონი მსგავსი ცვლილებების განხორციელებაში ძალიან დაეხმარება", - აღნიშნა მაია მიქაშავიძემ.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილე BTU მედიალაბორატორიის გუნდია, რომლის ხელმძღვანელის, ლევან ტაბატაძის შეფასებით, მისი გუნდის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ქართულ და მსოფლიო მედიას განვითარების საშუალებას მისცემს. "ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც ქართულ მედიას განვითარებაში დაეხმარება", - აღნიშნა ლევან ტაბატაძემ.
ჰაკათონი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რა პერიოდშიც მენტორები მონაწილე ჯგუფებთან იმუშავებენ და მათ იდეების დახვეწასა და განხორციელებაში დაეხმარებიან. მესამე დღეს კი ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც 4 500$-ის ოდენობის გრანტი გადაეცემათ.
პროექტში ჩართულია და მხარს უჭერს მედია ჰოლდინგი „პალიტრა მედია“.