საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილა.
ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, ისაუბრა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე, ფასების არსებულ დინამიკასა და მასზე მოქმედ ფაქტორებზე.
„მონეტარული პოლიტიკის 25 ოქტომბრის სხდომის შემდეგ საგრძნობლად გაუფასურდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რამაც, წინა პროგნოზთან შედარებით, გაზარდა ზეწოლა ინფლაციაზე (მსგავსი სცენარი განხილული იყო მონეტარული პოლიტიკის 2017 წლის ნოემბრის ანგარიშში). ამასთანავე, ბოლო ორი თვის ბაზრის კვლევის ინდიკატორები ინფლაციური მოლოდინების ზრდაზე მიუთითებს, ხოლო ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესება ასუსტებს მოთხოვნის მხრიდან ინფლაციის შემცირების შესაძლებლობას.
ზემოთქმულიდან გამომ¬დინარე, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის შემცირების მიზნით, გამოიკვეთა მონეტარული პოლიტიკის რეაგირების საჭიროება. ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა 13 დეკემბრის სხდომაზე. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების ზომა და ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ „ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გარდა, ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს ნავთობის საერთაშორისო ფასებიც.
ინფორმაციისთვის, 2017 წლის მეორე ნახევარში ნავთობის საერთაშორისო ფასები დაახლოებით 40%-ით პროცენტით გაიზარდა. ეს არის ის ერთ-ერთი ეგზოგენური ფაქტორი, რომელიც ინფლაციის მაჩვენებელს ავტომატურად გადმოეცემა. საქართველოში, ისევე, როგორც ყველა ღია ეკონომიკაში, გარდაუვალია ეგზოგენური (მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი) შოკები, რის გამოც ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი შესაძლებელია შოკების მილევამდე განსხვავდებოდეს მიზნობრივისაგან“, - განაცხადა გვენეტაძემ.