"მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმი ოპტიმალურია ჩვენი ეკონომიკისთვის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად"

2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პარლამენტის წინაშე წარდგენისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს სავალუტო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს მცურავი კურსის რეჟიმი, რომელიც ოპტიმალურია მცირე ზომის ღია ეკონომიკის ქვეყნისთვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის.

„საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც არ არის მნიშვნელოვნად ინტეგრირებული სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე რომელიმე ეკონომიკასთან და კაპიტალის თავისუფალი მობილობით ხასიათდება, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობა აუცილებელია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის. მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმი ოპტიმალურია ჩვენი ეკონომიკისათვის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. იგი ხასიათდება მოკლევადიანი მერყეობებით და ასრულებს შოკების მშთანთქავ ფუნქციას“.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დროს გაცვლით კურსს განსაზღვრავს საბაზრო მექანიზმები. „ეს გულისხმობს, რომ გაცვლითი კურსის მოკლევადიანი დინამიკა დამოკიდებულია სავალუტო ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე და, შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში ხასიათდება მერყეობებით. მაგრამ იმავდროულად, მოქნილობის გამო, იგი თამაშობს შოკების მშთანმთქავ ფუნქციასაც, რაც ხელს უწყობს სტაბილურობას გრძელვადიან პერიოდში. 2008-2009 წლის კრიზისმაც აჩვენა, რომ მოქნილი გაცვლითი კურსის მქონე ქვეყნების ეკონომიკებმა უფრო ნაკლები სიმწვავით განიცადეს რეცესია და ამ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, გაჯანსაღების პროცესიც უფრო სწრაფად წარიმართა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.