დიდი ბრიტანეთის პარლამენტარები პლასტმასის მოხმარების შეზღუდვას ითხოვენ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრების განცხადებით, მოქალაქეებმა პლასტმასის ბოთლების მოხმარების შემთხვევაში გარკვეული თანხა უნდა გადაიხადონ, რათა მოხდეს ზღვების დაცვა იმ გამანადგურებელი შედეგებისგან, რაც პლასტმასით დაბინძურებას მოაქვს.

თემთა პალატის გარემოს აუდიტის კომისიის (Environmental Audit Committee) წევრები ითხოვენ სასმელი წყლის შადრევნების გაკეთებას, რომლითაც მოსახლეობა უფასოდ ისარგებლებს. ასევე სურთ, რომ კომპანიები, რომლებიც პლასტმასის შეფუთვას გამოიყენებენ, მეტი გადასახადით დაიბეგრონ.

„სასწარფოდ არის ზომები მისაღები გარემოს დასაცავად იმ გამანადგურებელი შედეგებისგან, რაც პლასტმასით ზღვის დაბინძურებას მოაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ტენდენცია არსებული ტემპით გაგრძელდება, 2050 წლისთვის ზღვაში თევზზე მეტი პლასტმასი იქნება“ - განაცხადა აუდიტის კომისიის თავმჯდომარემ.

მთავრობის თქმით, ახლა კონსულტაციას გადიან ინდუსტრიულ კომპანიებთან დეპოზიტის სქემასთან დაკავშირებით, ასევე განიხილავენ ჯარიმებს პლასტმასის ერთჯერადი მოხმარების გამო.

თუმცა პარლამენტარები იმასაც ამბობენ, რომ მინისტრებმა თავიდან უნდა შეაფასონ საზოგადოების დამოკიდებულება პლასტმასის მოხმარების საკითხთან დაკავშირებით. მათ სურთ, რომ ის კომპანიები, რომლებიც რთულად გადასამუშავებელ პლასტმასს აწარმოებენ, ყველაზე მეტად დაჯარიმდნენ, ხოლო ადვილად გადასამუშავებელი პლასტმასის მწარმოებლებმა ნაკლები გადაიხადონ.

განცხადების გაკეთება გამოიწვია იმ პრობლემამ, რასაც ოკეანეების პლასტმასით დაბინძურება იწვევს. გაეროში ოკეანეების საკითხების უფროსმა (Oceans Chief) ლიზა სვენსონმა ამ ტენდენციას „პლანეტის საფრთხე“ უწოდა.