რამდენს ხარჯავს ხელისუფლება მივლინებებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ბიუროკრატიული ხარჯების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში 2011-2016 წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული წარმომადგენლობითი, სამივლინებო და როუმინგული მომსახურების ხარჯების შედარება მოხდა.

წარმომადგენლობითი ხარჯები გულისხმობს: ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გაწეულ ხარჯებს, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების; სუვენირების შეძენის; სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის; სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს; სასტუმრო მომსახურებისა თუ სხვა ღონისძიებების ფარგლებში გაწეულ ხარჯებს.

IDFI-ს ცნობით, ამ მიმართულებით, წინა წელს 20,646 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2015 წელს ეს ციფრი - 17,877 მილიონი ლარი იყო. ამასთან, კვლევის ფარგლებში შედარებულია თუ რამდენს ხარჯავდა წარმომადგენლობით ხარჯებზე 2011 და 2016 წელს რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაცია.

კერძოდ, ცესკო-ს მიერ 2016 წელს წარმომადგენლობითმა ხარჯებმა - 219.6 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2011 წელს ეს მაჩვენებელი - 33.1 ათასი ლარი იყო. პარლამენტის მიერ ამ მიმართულებით 2011 წელს - 668.3 ათასი ლარი; 2016 წელს კი - 611.3 ათასი ლარია დახარჯული. აღსანიშნავია, რომ 2011 წელთან შედარებით, წინა წელს მნიშვნელოვნად იყო შემცირებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები. კერძოდ, თუ ამ მიმართულებით 2016 წელს - 895 ათასი ლარი დაიხარჯა, 2011 წელს ეს ციფრი 1,939 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება მივლინებებს, კვლევის თანახმად, გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მივლინებებზე 68,152 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 5,068 მილიონი ლარით მეტია. კერძოდ, 2015 წელს ბიუჯეტიდან გაწეულმა სამივლინებო ხარჯებმა - 63,083 მილიონი ლარი; 2014 წელს - 62,482 მილიონი ლარი; 2013-ში - 69,146 მილიონი ლარი, ხოლო 2012 წელს - 53,551 მილიონი ლარი შეადგინა.

IDFI-ს კვლევის ფარგლებში განხილულია როუმინგული მომსახურების ხარჯებიც. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად განსხვავდება 2011 და 2016 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ როუმინგულ მომსახურებაში დახარჯული თანხები. კერძოდ, IDFI-ს ცნობით, 2016 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნულ მომსახურებაზე 29.2 ათასი ლარი დახარჯა, მაშინ როცა 2011 წელს ეს ციფრი - 233.5 ათასი ლარი იყო.

ასევე მნიშვნელოვნად იყო შემცირებული გასულ წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროების მიერ როუმინგულ მომსახურებაზე დახარჟული თანხების მოცულობაც. კერძოდ, თუ 2011 წელს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ 19.3 ათასი ლარი დახარჯა, 2016 წელს მსგავსი ხარჯი უწყებას საერთოდ არ ჰქონია; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კი როუმინგულ მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა გასულ წელს 3.6 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2011 წელს ეს მაჩვენებელი - 36.3 ათასი ლარი იყო. რაც შეეხება პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2011 წელს ამ მიმართულებით გაწეულმა ხარჯებმა 19.2 ათასი ლარი, ხოლო 2016 წელს - 10.2 ათასი ლარი შეადგინა.