როგორ იცვლებოდა საწვავის ფასი 2017 წლის განმავლობაში

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ნავთობისა და საწვავის ფასის 2017 წლის შემაჯამებელ მიმოხილვას ავრცელებს.

როგორც იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული „წლის დასაწყისში ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე შეადგენდა საშუალოდ 55-57 დოლარს/ბარელზე, რომელიც წინა წლის ბოლო თვეების მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, რაც შენარჩუნდა დაახლოებით 2,5 თვის განმავლობაში.

მარტის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე ნავთობის ფასი არასტაბილურობით გამოირჩეოდა და მერყეობდა 52-55 დოლარის ფარგლებში/ბარელზე.

ივნისი-ივლისის თვეებში ნავთობის ფასი მცირდება - 46-48 დოლარის ფარგლებში/ბარელზე, ხოლო ივლისის თვის ბოლოდან კი ნავთობის ფასმა პერმანენტული მატება დაიწყო და დღეისათვის შეადგენს საშუალოდ 62-64 დოლარს/ბარელზე, რაც მაქსიმუმი მაჩვენებელია ბოლო 2,5 წლის განმავლობაში“.

მათივე განმარტებით, ნავთობის ფასის ბოლო თვეებში დაწყებული ზრდა ძირითადად განპირობებულია „ოპეკი +“-ის წევრთა მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების გაგრძელებით. კერძოდ, როგორც ცნობილია 2016 წლის ბოლოს ოპეკის წევრმა და რამდენიმე არაწევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ნავთობის ყოველდღიური მოპოვების კვოტების 1,8 მილიონი ბარელით შემცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმება დაიდო 2017 წლის პირველი 6 თვის ვადით, რომელიც შემდგომში გადავადებულ იქნა. 30 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე მოხდა ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების კიდევ ერთხელ - 9 თვით გაგრძელება, 2018 წლის ბოლომდე.

გარდა საერთაშორისო ფასებისა, ნავთობიმპორტიორთა კავშირი საცალო ქსელში ფასთა ცვლილებასაც მიმოიხილავს.

„წლის დასაწყისში საქართველოს საცალო ქსელში ყველაზე მოხმარებადი რეგულარის ტიპის ბენზინის საშუალო საცალო ფასი გასამართ სადგურებზე შეადგენდა 1,85-2,09 ლარს/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინის - 2,09-2,19 ლარს/ლიტრაზე, დიზელის - 1,94-2,15 ლარს/ლიტრაზე. შემდეგ ის ეტაპობრივად იზრდებოდა თებერვლის თვის ბოლომდე. კერძოდ, რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,09-2,25 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,29-2,36 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 2,09-2,30 ლარი/ლიტრაზე.

მარტის თვიდან საწვავის ფასი კლებას იწყებს და აგვისტოს თვისთვის შეადგინა: რეგულარი ტიპის ბენზინი - 1,85-2,07 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,09-2,18 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 1,89-2,04 ლარი/ლიტრაზე.

აგვისტოს თვიდან საწვავის ფასი კვლავ ზრდას იწყებს. დღეისათვის კი საწვავის საშუალო საცალო ფასები შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,23-2,34 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,33-2,46 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 2,33-2,42 ლარი/ლიტრაზე,“-ნათქვამია განცხადებაში.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საწვავის ფასის ფორმირებაზე საცალო ქსელში საერთაშორისო ფასთან ერთად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში.

„წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,64-2,70 ერთეულს, თებერვლის შუა რიცხვებიდან ლარმა ეტაპობრივად გამყარება დაიწყო და აგვისტოს თვეში ის შეადგენდა 2,38-2,40 ერთეულს. ოქტომბრის თვიდან დეკემბრის თვემდე ლარმა კვლავ გაუფასურება დაიწყო და ნოემბრის თვის ბოლოს და დეკემბრის თვის დასაწყისში შეადგენდა 2,70-2,72 ერთეულს. მხოლოდ დეკემბრის თვის დასაწყისიდან დაიწყო ლარმა კვლავ გამყარება და დღეისათვის მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2,54-2,55 ერთეულს,“-აღნიშნულია განცხადებაში.