ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის პორტი შეაფასა როგორც „21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც არის დასაწყისი საქართველოს გარდაქმნისა სატრანზიტო ქვეყნიდან, წარმოების, ლოგისტიკის და ინდუსტრიის განვითარების ქვეყნამდე“.
"უპირველეს ყოვლისა, პორტი უნიკალური პროექტია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პორტი აბრეშუმის გზის რუკაზე განამტკიცებს საქართველოს პოზიციას. ეს პორტი, რა თქმა უნდა, შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, მიიღოს ყველაზე დიდი გემები და, აქედან გამომდინარე, ფეხი აუწყოს საკონტეინერო თუ სხვა გადაზიდვების იმ მზარდ დინამიკას, რომელსაც რეგიონში აქვს ადგილი. რა თქმა უნდა, ეს პორტი საშუალებას მისცემს არა მხოლოდ ამ რეგიონის, არამედ მთელი საქართველოს მცხოვრებლებს, სრულიად სხვა შესაძლებლობები გაიჩინონ საკუთარი ბიზნესისთვის, წამოიწყონ სრულიად ახალი საქმე. უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება ჯერ მხოლოდ მშენებლობის პროცესში, ხოლო შემდეგ, დღეს ძნელიც კია, გამოვთვალოთ ის ეფექტი ჩვენს ეკონომიკაზე, რომელსაც ეს პორტი მოიტანს. ეს არის რეალობა, აქ არაფერია გადაჭარბებული. ამ პორტის გარშემო, რამდენიმე ათასი ჰექტარი განვითარდება, როგორც საწარმოო, სასაწყობე, ლოგისტიკური და რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ახალი ზონა. ეს იქნება უდიდესი დინამიკა, რომელიც გაჩნდება ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები ინოვაციური, ლოგისტიკური, ინდუსტრიული ახალი საქართველოსთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" რამდენიმეწლიანი უდიდესი სამუშაოს ჩატარებისთვის და აღნიშნა, რომ დღეს უკვე შეკრულია პროექტი, რომელშიც, ქართულ კომპანიებთან ერთად, არიან ამერიკული საინჟინრო კომპანია "კონტი", ასევე, პორტის ოპერატორი და ინვესტორია მსოფლიო გიგანტი, სიეტლის პორტის მენეჯერი SSA Marine; ინვესტორები უზბეკეთიდან და ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან. პრემიერ-მინისტრი პროექტში ყველა ქვეყნის ჩართულობას მიესალმა.
"ამ ადგილას ევროპა ხვდება აზიას, ეს არის ყველაზე მთავარი. საქართველო წარმოჩინდება მსოფლიო მასშტაბით, როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის, სტაბილურობისა და მშვიდობის ქვეყანა. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მივულოცო მთელს საქართველოს და ჩვენს ყველა მეგობარს, ვინაიდან, დღეს ამ ადგილას ახალი საქართველო იწყება, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.