ცოტნე შერმადინი ახალგაზრდა მეღვინეა, ქვევრის შესანიშნავ ღვინოს წურავს - ორგანულსა და ჯანმრთელს. ცოტნეს ქვევრთან ატენის პაპისეული მარანი და მოხდილი ქვევრიდან ამოვარდნილი ღვინის სურნელი აკავშირებდა. პაპის შემდეგ მოგონება გაფერმკრთალდა, თუმცა ერთხელაც მასსა და მის ძმას ქვევრიდან ამოვარდნილმა სურნელმა თავი იმდენად მძაფრად შეახსენა, ცალ-ცალკე ჩაფიქრდნენ, რომ ქვევრს უნდა დაჰბრუნებოდნენ, თანაც პაპასავით - ნამდვილი ღვინით. როცა გადაწყვეტილება ერთმანეთს გაანდვეს, გაუკვირდათ კიდეც - რა ერთნაირად გვიფიქრიაო! თუმცა გასაკვირი ალბათ, არც არაფერი იყო, - მარანს, ქვევრსა და ღვინოს აქვს მისტიკა, რომლის გარეშე მათ ვერც ათასწლეულები შევინახავდით და ვერც მომავალს გადავცემდით.
ცოტნე შერმადინი: - თვალწინ მიდგას, პაპაჩემი ატენში ქვევრში რომ იდგა და ბლის ქერქის სარცხელით ან კრაზანათი რეცხავდა, მერე კი ნარეცხ წყალს ორხელით იღებდა... ამას რა დამავიწყებს. მერე რთული წლები დადგა, ბევრმა ქვევრის ღვინის დამზადება კიდევ ერთ ძნელ საქმედ ჩათვალა და თავი მიანება. პლასტმასის ჭურჭელშიც კი დაიწყეს ღვინის ჩასხმა, რამაც ქართული ღვინო გაანადგურა. დღესაც კი პლასტმასის კასრებში ღვინოს ბევრი აყენებს. იუნესკოს დადგენილებამ, რომელმაც ქვევრი მატერიალური კულტურის ძეგლად გამოაცხადა, ამ საქმეს ნამდვილად უშველა - არცთუ ცოტა დააფიქრა, რომ მათი სიმდიდრე სხვებმა დაინახეს, თავად კი მივიწყებული ჰქონდათ. ასე რომ, ძველ მარანში ბევრი შევიდა, პაპისეული ქვევრიც გარეცხა და ღვინოც ჩაასხა.
ატენის პაპისეული ქვევრები რომ აღარ გვქონდა, 9 ქვევრი ჭიათურის სოფელ ტყემლოვანში ვიყიდეთ.
- კახელი მექვევრეები დიდებულ ქვევრებს ამზადებენ და ტყემლოვანში რამ წაგიყვანათ?
- უბრალო მიზეზმა - იმ ხალხის რჩევამ, რომლებსაც ტყემლოვანის ქვევრში ღვინო უსხია და იცის, რომ საუკეთესოდ ინახავს. ისე კი, ქვევრის თიხა რომ ჩვენში საუკეთესოა, ამას რა ბევრი ლაპარაკი უნდა.- წაკითხული მაქვს თქვენი დღიური, სადაც წერთ, რომ ქვევრების ჩაყრისთანავე ისეთი განცდა დაგეუფლათ, თითქოს ოჯახში ბავშვი გაჩნდა და მარანში ატირდა.
- დიახ, ასეა. მირჩევნია, დღიურის ეს ჩანაწერი სიტყვასიტყვით გავიმეორო: "გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ამ "არსებებს" ესმით და გრძნობენ ყველაფერს, განიცდიან და ეჭვიანობენ ერთმანეთზე, როცა გარეცხვისას ერთ ქვევრთან დიდხანს შეყოვნდები; ადამიანივით ახველებენ, როცა გოგირდის ჩაბოლების აუცილებელ წესს ასრულებ; გახშირებულად სუნთქავენ ღვინის დუღილისას და ვირუსივით გადააქვთ სიმხურვალე გვერდით ჩაფლულ "კოლეგაზე".წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 25 დეკემბრის ნომერში ან