საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის მსოფლიოს უახლეს ბლოკჩეინ სისტემას იყენებს.
ამის შესახებ საჯარო რეესტრსა და BLOCKCHAIN-ის ტექნოლოგიის კომპანია BitFury Group-ს შორის მემორანდუმიც არის გაფორმებული. ამ ჯგუფს თბილისში დატა ცენტრიც აქვს, რომლის ძირითადი საქმიანობაც ე.წ. "მაინინგი" ანუ კრიპტოვალუტის გამომუშავება და სხვა კომპანიებისთვის ბლოკჩეინ სერვისის მიწოდებაა.
რა არის ბლოკჩეინი და რა უპირატესობები აქვს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ ნიუ-იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის მიწვეულ პროფესორს, ლევან ბოძაშვილს ესაუბრა.
- რა არის ბლოკჩეინი და როგორ შეიძლება ის გამოგვადგეს?
ლევან ბოძაშვილი:
- ბლოკჩეინი წარმოადგენს ახალ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რევოლუციურ სისტემას, რომელიც უახლოესი წლების განმავლობაში არსებით გავლენას იქონიებს უამრავ ინდუსტრიაზე და მსოფლიო კომერციას არსებითად შეცვლის. ეს არის დეცენტრალიზებული, ინდივიდუალურად მართვადი, არაგაყალბებადი და გარეშე ჩარევისგან თავისუფალი ქსელი, რომელიც რამდენიმე კომპონენტს ემყარება. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ - ნებისმიერ ელექტრონულ მოქმედებას ჭირდება შუამავალი. ნებისმიერი გადახდა, რომელსაც წლის განმავლობაში ვახორცელებთ, საკომისიო თანხით არის დატვირთული. ეს არის თითოეულ გადახდაზე - იქნება ეს საპატრულო ჯარიმა თუ დენისა და გაზის გადასახადი, 50 თეთრიდან 1 ლარამდე საკომისიო, რომელიც გადაჭარბებულად არის დადგენილი ბანკების მიერ და უხეში დათვლებით, თვეში 20-დან 60 მილიონამდე ლარს შეადგენს. ბლოკჩეინის შემთხვევაში საბანკო შუამავალი აღარ არის საჭირო, შესაბამისად, ეს სისტემა საშუალებას იძლევა, რომ თანხა მთლიანად მოსახლეობის ჯიბეში დარჩეს.
რამ გამოიწვია ბლოკჩეინის ასეთი პოპულარობა?
- პოპულარობა გამოწვეულია სწორედ იმით, რომ ეს არის დეცენტრალიზებული, შუამავლის გარეშე მოქმედი სისტემა, რომელზეც შესაძლებელია ნებისმიერი ბიზნესი დაფუძნდეს. დღეს შეუძლებელია რაიმე გადახდის განხორციელება ბანკის გარეშე, ბანკი დღეს გახდა მონოპოლისტი შაუმავალი, რომლის გარეშეც მოქალაქე ვერ ახორციელებს ტრანზაქციას სახელმწიფოსთან ბლოკჩეინი მოსპობს ამ ნაწილში საბანკო მონოპოლიას. ამასთან, ბლოკჩეინი ანულებს კორუფციის რისკებს ყველაფერთან ერთად.
- რა არის საჭირო ამ სისტემის დასანერგად?
- პოლიტიკური ნება და პირველადი საკანონმდებლო ცვლილებები. პირველ რიგში სისტემა შეიძლება დაინერგოს სწორედ საპატრულო და ადმინისტრაციული ჯარიმების სფეროში. ასევე სამოქალაქო და საჯარო რეესტრის მიმართულებით. აქ უკვე დაწყებულია მცირე სატესტო მოძრაობები უძრავი ქონების რეესტრის მიმართულებით, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ბლოკჩეინ სისტემის დასანერგად საჭირო პოლიტიკური ნების ფორმირებისათვის ვიწყებთ ბლოკჩეინის მოძრაობას, და ეს იქნება ერთდროულად სამოქალაქო და პოლიტიკური შინაარსის სინთეზის მქონე მოძრაობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთ კონკრეტულ მიზანზე - განავითაროს სახელწიფო სერვისები და მოსახლეობას თანხები დაუზოგოს.