2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესწავლამ, გამარტივებული შესყიდვების წილის (32%) ზრდის ტენდენცია და კორუფციის მაღალ რისკებთან დაკავშირებული ისეთი შემთხვევები გამოავლინა , რაც ახლად დაფუძნებულ კომპანიებთან და პოლიტიკურ პარტიებთან კავშირში მყოფ ბიზნესორგანიზაციებთან მსხვილი კონტრაქტების გაფორმებას უკავშირდება, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" კვლევაშია აღნიშნული.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ასეთი ფაქტებით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რათა კორუფციის პრევენცია მოხდეს.
როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გუგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა, საანგარიშო პერიოდში რამდენიმე ძირითადი ტენდენცია გამოიკვეთა, მათ შორის, გამარტივებული შესყიდვები.
კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, 2.5 წლის განმავლობაში გამარტივებული გზით დადებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 2.86 მლრდ ლარი შეადგინა.
მისივე ცნობით, 2015 წელს გამარტივებული შესყიდვები მთლიანი შესყიდვების 33.7% იყო, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი გაუარესდა და 37%-ს მიაღწია;
გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალდაფუძნებულ კომპანიებთან 95 მლნ ლარის ღირებულების 25 625 ხელშეკრულება დაიდო, მათ შორის, ვხვდებით ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ხელშეკრულების ღირებულება მილიონ ლარს აღემატება;
"345 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება დაიდო ისეთ გარემოებებში, როდესაც ხელშეკრულების გაფორმება წინ უსწრებდა კომპანიის რეგისტრაციას ან კომპანია ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო დაფუძნებული; (მაგალითად, ასპინძის მუნიციპალიტეტმა 115 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა შპს „ქილდა 2015”-თან, როცა კომპანია მხოლოდ 12 დღის დაფუძნებული იყო.)
ამასთან, 150-მდე კომპანიასთან დაკავშირებულმა 140-მდე პირმა (ყოფილი ან მოქმედი მეწილე ან დირექტორი) მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას” 6 მლნ ლარამდე თანხა შესწირა. მათი კომპანიების მიერ მიღებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ, დაახლოებით, 75 მლნ ლარი შეადგინა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამავე კვლევის თანახმად, გამარტივებულ შესყიდვებში ყველაზე მსხვილი კონტრაქტები „გარდაბნის თბოსადგური 2”-მა (მთლიანობაში დაახლოებით, 376 მლნ ლარი), „ჯორჯიან ტრანზიტმა” (245 მლნ ლარი) და თბილისის მერიამ (145 მლნ ლარი) დადეს.
"10 ყველაზე მსხვილი მიმწოდებლის მიერ დადებული ხელშეკრულებების ჯამურმა ოდენობამ 1.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი კი China Tianchen Engineering Corpoeration იყო, რომელსაც „გარდაბნის თბოსადგურ 2“-თან 376 მლნ ლარის ღირებულების მხოლოდ 1 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული;
10 ყველაზე მსხვილი შესყიდვის კატეგორიის ღირებულებამ 1.77 მილიარდი ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი ოდენობის თანხა სამშენებლო სამუშაოებზე მოდის;
შემსყიდველებმა 93.6 მლნ ლარის ღირებულების 6 772 გამარტივებული ხელშეკრულება დადეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან;
43 სახელმწიფო საწარმოსთან გამარტივებული გზით 57 მლნ ლარის ღირებულების 3 949 ხელშეკრულება დაიდო",- განმარტავენ ორგანიზაციაში.
გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში რეგისტრირებულ 2 400-ზე მეტ ორგანიზაციას არც ერთი ხელშეკრულება არ გაუფორმებია ტენდერის გზით და მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით სარგებლობდნენ.
"შესყიდვების სააგენტოს პორტალის მიხედვით ჩანს, რომ 50-ზე მეტ შემსყიდველს თითქოს გამარტივებული შესყიდვებით საერთოდ არ უსარგებლია, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია და გვაფიქრებინებს, რომ ინფორმაციის შეგნებულ დაფარვას აქვს ადგილი. მათ მიერ განხორციელებული შესყიდვებიდან ტენდერები იძებნება, გამარტივებული გზით დადებული ხელშეკრულებები კი პორტალზე არ არის ხელმისაწვდომი, რაც პრობლემას წარმოადგენს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ცნობისთვის, ორგანიზაციამ ჟურნალისტებს დღეს "სახელმწიფო შესყიდვების ანგარიში: როგორ ხარჯავს სახელმწიფო ჩვენს ფულს" გააცნო.