ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია წელს დასრულდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე (SLRP II) პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს.

ჩალაუბანი-სიღნაღის გზის სავალ ნაწილზე ხელოვნური ნაგებობები და შემასწორებელი ფენა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით უკვე მოეწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოფრეზვა და შემდეგი გამოყენებისათვის მოგროვება, არსებულ საფუძველზე შემასწორებელი, სტაბილიზირებული ფენების და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ბეტონის ჭის და ბორდიურების მოწყობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში ეზოში შესასვლელებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები განხორციელდება, შეკეთდება არსებული და მოეწყობა ახალი წყალგამტარი მილები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და გზის სავალი ნაწილი მოინიშნება. ასევე, მოეწყობა რკინაბეტონის საყრდენი კედლები და მიერთებები.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, ჩალაუბანი-სიღნაღის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და სარეაბილიტაციო სამუშაოებს "კავკასავტომაგისტრალი" ასრულებს.