TRILOGY - "სარაჯიშვილის" ახალი, ლიმიტირებული სასმელი, რომლის ღირებულება 6 000 ლარია

სასმელი, რომელიც წარსულსა და აწმყოს აერთიანებს... სასმელი, რომელიც მოიცავს სამი საუკუნის ისტორიას და შექმნილია საქართველოს სამი რეგიონის სამი საუკეთესო ჯიშის ყურძნისგან - ეს არის TRILOGY, კომპანია "სარაჯიშვილის" ახალი პროდუქტი, რომელსაც არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც არ აქვს ანალოგი.

133-წლიანი ისტორიის მქონე სარაჯიშვილის სახლის პროდუქცია სამ ხაზად იყოფა: კლასიკური, უნიკალური და ვინტაჟური. TRILOGY სწორედ უნიკალური ხაზის ერთ-ერთი გამორჩეული ახალი პროდუქტია, რომლის პრეზენტაცია 23 დეკემბერს, სარაჯიშვილის ქარხნის ტერიტორიაზე, საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში შედგა. პრეზენტაციას 300-მდე ადამიანი ესწრებოდა: ბიზნესმენები, პოლიტიკოსები,  ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები.

ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში, კლასიკური მუსიკისა და ორიგინალური განათების ფონზე, დამსწრე საზოგადოებას ახალი სასმელი წარუდგინეს - სამი საუკუნის (მე-19, მე-20, 21-ე) უძველესი სპირტების შერევით მიღებული უნიკალური სითხე, რომლის ასაკი 65 წელს აღწევს.

TRILOGY-ს დაგემოვნებით, თქვენ ერთდროულად შეიგრძნობთ სამი ჯიშის ყურძნის ჰარმონიულ სინთეზს. ციცქა იმერეთიდან, ჩინური ქართლიდან და რქაწითელი კახეთიდან - დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზონების გაერთიანება ერთ სითხეში, განსაკუთრებით ეგზოტიკურს ხდის მას და სძენს შეუდარებელ არომატებს.

ტრილოგია გრაფინის ორიგინალურ ფორმაშიც ჩანს - ის სამკუთხედი ფორმებით არის გამოხატული. ელეგანტური დიზაინის ბოთლი სრულდება ბროლის თავსახურით, რომელიც ბოთლის ფორმას იმეორებს. უძველესი, დახვეწილი სითხის და ორიგინალური ბოთლის სრულყოფილი კომბინაცია TRILOGY-ს იდეას რეალობად აქცევს და აგვირგვინებს მას.

ახალი სასმელი სარაჯიშვილის სახლმა ლიმიტირებული რაოდენობით - სულ 1000 ცალი გამოუშვა. TRILOGY-ს თითოეული ბოთლი გრავირებულია უნიკალური კოდით და მინიჭებული აქვს ნომერი. ყველა ბოთლს მოყვება შესაბამისი პასპორტი 3 ენაზე. TRILOGY-ს ღირებულება 6 000 ლარია.

"სარაჯიშვილის" გენერალური დირექტორის, ზურაბ ბუბუტეიშვილის თქმით, Trilogy არის პროდუქტი, რომელიც ხაზს უსვამს კომპანიის ორიგინალურობას და მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, გულგრილს არ დატოვებს მომხმარებელს.

"სარაჯიშვილის სახლი საქართველოში არსებული ერთ-ერთი უძველესი კომპანიაა. კომპანიას 133 წლიანი ტრადიცია და გამოცდილება მაღალი ხარისხის სასმელის წარმოებაში.

ბრენდის უკან დგას, სამსაუკუნოვანი ისტორია და დავით სარაჯიშვილის სახელი, რაც ჩვენთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა და სტიმულის მომცემია რომ მუდმივად ვიყოთ მოძარაობაში და განვითარებაზე ორიენტირებული და შემოგთავაზოთ საინტერესო სიახლეები. სწორედ აქედან გამომდინარე შევქმენით ტრილოგია, რაც აერთიანებს სამი საუკუნის, სამი სხვადასხვა სხვადასხვა რეგიონის სამ სხვადასხვა ჯიშს. ეს არის სითხე, რომელიც ნამდვილად უნიკალურია და ამაში ადვილად დარწმუნდება ის, ვინც მას დააგემოვნებს" - აღნიშნა ზურაბ ბუბუტეიშვილმა.

ახალი სასმელის პრეზენტაციას ესწრებოდა სიფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი. დავითაშვილმა იმ მნიშვნელობაზე და დამსახურებაზე ისაუბრა, რაც კომპანიამ სარაჯიშვილს აქვს.

"სარაჯიშვილი არის ისტორიული ბრენდი, რომელიც დავით სარაჯიშვილის სახელს უკავშირდება. დღეისათვის კომპანია გვთავაზობს ძალიან საინტერესო ახალ პროდუქტს, რომელიც მის რანგში იქნება ყველაზე ძვირად ღირებული. დარწმუნებული ვარ ის გახდება ძალიან პოპულარული, როგორც საქართველოში ასევე საერთაშორისი ბაზარზე. ზოგადად ამ კომპანიისგან განებივრებული ვართ საქმისადმი კრეატიული მიდგომებითა და საინტერესო პროდუქტებით" - განაცხადა მინისტრმა.

როგორ "სარაჯიშვილის სახლში" განმარტავენ, Trilogy-ს შექმნის მიზანია, მათ საცავებში არსებული ისტორიის საზოგადოებისთვის გაზიარება, დარგის განვითარება, და პრეცენდენტის შექმნა, რომ საქართველოში შეიძლება ასეთი მაღალი ხარისხის და პროდუქტის წარმოება.

(R)