„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ და ქართველი მხატვრები 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად გაერთიანდნენ

ქართველი მხატვრები „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის“ ორგანიზებით გაერთიანდნენ და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს ეხმარებიან.

18 600 ლარი, რომელიც ღონისძიებაზე შეგროვდა, სრულად მიშიკოს გადაერიცხება, რომელსაც სასწრაფოდ ხერხემლის ოპერაციის გაკეთება სჭირდება.

მიშიკოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 2002 წელს დაეწყო და დღემდე 6 ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუმცა უშედეგოდ. როგორც "ფრესკოს" გენერალური დირექტორი სოფიო კორძახია განმარტავს, მიშიკო შეძლებს, რომ საჭირო ოპერაცია ჩაიტაროს.

bpn

„ჩვენი საქველმოქმედო ფონდი უკვე 4 წელია ეხმარება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებსა და ოჯახებს. მოხარული ვარ, რომ ამჯერად ჩვენთან ერთად გაერთიანდნენ მხატვრები და სწორედ ჩვენი დახმარებით შეძლებს მიშიკო ამ რთული ოპერაციის გაკეთებას. სამომავლოდაც ვაპირებთ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას და მჯერა, რომ ერთად ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეგვიძლია,“ – განმარტავს სოფიო კორძახია.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას, რომელიც 22 დეკემბერს Hillside Residence-ში გაიმართა, მხარს უჭერენ ქართველი მხატვრები გია ბუღაძე, ოლეგ ტიმჩენკო, გია ჯაფარიძე, გივი თოიძე, მაია თოიძე, დავით პოპიაშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, გია გუგუშვილი, ნანი ფოცხვერაშვილი, დავით ბაძაღუა, თეა თომაძე, ირმა სვანიძე, ბაჩო გეგუჩაძე, ასევე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ლექტორები და სტუდენტები.bpn

„ფრესკოს“ საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.

მოხარული ვარ, რომ ჩვენი ნამუშევრები გაიყიდა და საჭირო თანხის შეგროვება შევძელით. ძალიან კარგია, რომ ასეთი საქველმოქმედო ფონდი არსებობს და მომავალშიც აუცილებლად დავუდგები მას გვერდში, როგორც შემეძლება“, – აღნიშნავს მხატვარი მადონა მენთეშაშვილი.

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“, რომელიც კომპანია „ფრესკოს“ ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საამაყო ნაწილია, 2014 წლის ივლისის თვეში დაარსდა.

„ამ პერიოდის განმავლობაში ფონდი დაეხმარა 1000-ზე მეტ პირს, სოციალურად დაუცველ ბავშვს, მზრუნველობა მოკლებულ მოხუცს და სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს,“- განმარტავს ფონდის პრეზიდენტი მადონა კიკორია.

ფონდს სამომავლოდაც არაერთი საქველმოქმედო აქტივობა აქვს დაგეგმილი.

'bpn