საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტიდან აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 35 მილიონი ლარი გამოიყო.
როგორც ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2017 წელი იყო საკმაოდ რთული მავნებელთან ბრძოლის მხრივ, ამიტომ, სახელმწიფო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამ პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარებას აპირებს. მინისტრის თქმით, მავნებელთან ბრძოლისთვის 360 ტონა პრეპარატის შეძენაა დაგეგმილი.
„მინდა გითხრათ, რომ 2017 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით და გამოცდილების დაგროვების თვალსაზრისით. საქართველოში როგორი იქნებოდა ამ მავნებლის ქცევის ბიოლოგია, ამაზე რა თქმა უნდა, ინფორმაცია არ გვქონდა. შესაბამისად, 2018 წლისთვის ვითვალისწინებთ ყველა იმ გამოცდილებას, რომელიც ამ კუთხით დაგროვდა. ღონისძიებები იქნება აბსოლუტურად ადეკვატური იმ გამოწვევასთან დაკავშირებით, რომელიც აზიურ ფაროსანასთან მიმართებაში გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ აზიური ფაროსანა გავრცელებული იყო საქართველოს მხოლოდ რამდენიმე რეგიონში, ეს იყო დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი. იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად ინტენსიურია საქართველოში ტრანზიტული მოძრაობა, დასავლეთიდან აღმოსავლეთში და ა.შ. ხშირ შემთხვევაში, ავტომობილები იყო მავნებლების გადატანის წყარო. ჩვენ დავინახეთ, რომ რომ სეზონის ბოლოს, აზიური ფაროსანა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია. აქედან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებს მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველაზე უფრო უარესი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. შესაბამისად გვექნება მობილიზებული შესაძლებლობები არამხოლოდ დასავლეთ საქართველოს, არამედ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. სწორედ ამისთვის, პირველი ამოცანა, რაც სამინისტროს წინაშე დგას, ეს არის ფიტოსანიტარული სამსახურის გაძლიერება. ფაქტობრივად, მთლიანად გადაირაღება, ახალი ტექნიკით აღჭურვა, დამატებითი ტექნიკური საშუალებების მობილიზება, მათ შორის რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსების. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ბიუჯეტმა დამატებით გამოყო 2017 წლის ბოლოს 35 მილიონი ლარი. იცით, რომ ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებები განხორციელდა, მოხდა დამატებითი თანხების მობილიზება, რათა ჩვენ 2018 წელს გვქონდეს გაზრდილი შესაძლებლობა მავნებელთან ბრძოლის კუთხით. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადაუდებელი შესყიდვის რეჟიმში ოპერატიულად მოვახდინეთ ძირითადი საშუალების შეძენის პროცესის დაწყება. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს მაღალი გამავლობის ეკიპაჟზე, სადაც იქნება, როგორც ნისლის გამფრქვევი სპეციალური ფლოგერები, ისე სპეციალური შესაწამლი დიდი ტექნიკა. ვფიქრობთ, რამდენიმე ასეულ ათას ჰქტართან მოგვიწევს შეხება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ტიპის პრეპარატები მოვიმარაგოთ და დაახლოებით 360 ტონა პრეპარატის შეძენაა დაგეგმილი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.