რის გამო ჩამოქვეითდა საქართველო „ფორბსის“ რეიტინგში 9 პოზიციით?

ჟურნალმა Forbes-მა ტრადიციისამებრ, ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.

ამ რეიტინგში საქართველო 2017 წელთან შედარებით ცხრა ადგილით ჩამოქვეითდა და 52-ე ადგილი დაიკავა. „ფორბსის“ მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის შედეგები არც ერთ კრიტერიუმში არ შეცვლილა, გარდა მონეტარული თავისუფლებისა, სადაც საქართველო 81-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. სხვა კრიტერიუმებს შორის საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა ინვესტორთა დაცულობაში აქვს და მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ყველაზე ცუდი ქულა კი - ინოვაციების კომპონენტში, სადაც საქართველო მსოფლიოს 152 ქვეყნიდან 117-ე ადგილზეა. საბოლოო ჯამში საქართველოს პოზიციები ასე გამოიყურება: სავაჭრო თავისუფლება - მსოფლიოში მე-6 ადგილი, მონეტარული თავისუფლება - 81-ე ადგილი, საკუთრების უფლების დაცულობა - 88-ე ადგილი, ინოვაცია - 117-ე ადგილი, ტექნოლოგიები - 69-ე ადგილი, ბიუროკრატიის ნაკლებობა - მე-4 ადგილი, ინვესტორთა დაცულობა - მე-2 ადგილი, კორუფცია - 38-ე ადგილი, პიროვნული თავისუფლება - 65-ე ადგილი, ხოლო საგადასახადო ტვირთი - 22-ე ადგილი მსოფლიოში. ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგის პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, შვედეთი და კანადა.

რამ გამოიწვია საქართველოს პოზიციების შესუსტება ცნობილ რეიტინგში? - ამ შეკითხვაზე ეკონომისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

გვესაუბრება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ მაისურაძე:

-ბიზნესის კეთება ბევრი პარამეტრისაგან შედგება, რომელსაც მსგავსი რეიტინგების ავტორები ითვალისწინებენ. ჩემი აზრით, ამ სფეროში ჩვენთან სერიოზული ცვლილებები არ მომხდარა, ერთადერთი ცვლილება ის იყო, რომ საქართველომ უცხოელებზე მიწის გაყიდვა შეზღუდა. საერთოდ, ამგვარ რეიტინგებში ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყურებით ბიზნესის დაწყების მხრივ, მაგრამ ეს ამ საქმიანობის მხოლოდ ერთი კომპონენტია. ადამიანმა შეიძლება ბიზნესის დაწყებაზე 2-3 კვირა დაკარგოს და მერე საქმის კეთება იყოს ადვილი, ან კომპანიის რეგისტრაცია ერთი წუთის საქმე იყოს და მერე ბიზნესის წარმოება გაუძნელდეს. გააჩნია ვინ როგორ უყურებს ამ საკითხს - ვისთვისაც კომპანიის რეგისტრაციაა მთავარი, ის ბიზნესგარემოს ამ კომპონენტის მიხედვით აფასებს. ჩემთვის კი, მნიშვნელოვანია მერე რა ხდება: რა ხდება, როდესაც ორგანიზაცია კოტრდება, ან როგორ მიმდინარეობს გაკოტრებული ორგანიზაციის დახურვა და ა.შ... ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში დარეგისტრირებული უამრავი კომპანია თავიდანვე მკვდრადშობილია - რეგისტრირებული კომპანიების რიცხვი ძალიან მაღალია, მაგრამ რეალურად მოქმედი კომპანია - ცოტაა.

თემურ მაისურაძის თქმით, მონეტარული თავისუფლების შესუსტება დედოლარიზაციის შედეგია:

- მე ვიცი ბევრი ქვეყანა, სადაც ცხოვრების დონე დაბალია, მაგრამ ამგვარ რეიტინგებში საკმაოდ მაღალი პოზიცია აქვს. ბოლო წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის პარამეტრები საქართველოში დაეცა: მისი წილი ჩვენს ეკონომიკაში 18%-ს შეადგენს, ხოლო 82 პროცენტი - მსხვილი ბიზნესის წილად მოდის. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი თანდათან მცირე ჯგუფის ხელში გადადის. საერთოდ, ბიზნესი ეფექტიანი მაშინ არის, როცა 60-70 პროცენტია მცირე ბიზნესის ხელში, ხოლო დარჩენილი 30-35% - მსხვილი ბიზნესისა, ჩვენთან კი, ყველაფერი უკუღმაა. სხვათა შორის, ავადსახსენებელი ედუარდ შევარდნაძის დროს ეკონომიკაში 35-40 პროცენტი იყო მცირე ბიზნესის წილი, დანარჩენი - მსხვილი ბიზნესისა. დღეს კი, ეს შეფარდება 18/82-ზეა. თანაც, ამ 18%-ის უმრავლესობა მსხვილი კომპანიების სატელიტია.

„ინვესტორთა დაცულობის მხრივ მე-2 ადგილი გასაგებია, რადგან ჩვენში უცხოელი ინვესტორები უფრო პრივილეგირებულები არიან. უცხოელი ინვესტორისთვის კარი ყველგან ღიაა“ - აღნიშნა თემურ მაისურაძემ ჩვენთან საუბრისას:

თემურ მაისურაძე - კარგი იქნებოდა ქართველი მეწარმე უკეთეს პირობებში იყოს, ვიდრე უცხოელი. თანაც, ვინ არიან ჩვენი ინვესტორები? - ძირითადი ინვესტიციები გენერაციის სფეროშია, კარგი იქნებოდა ამ სფეროში ქართველი ინვესტორები აქტიურობდნენ და ეს მოგება საქართველოში დარჩენილიყო, რადგან ეს ბაზარი განვითარებადია და მომგებიანი სალდო აქვს. რომელ მსხვილ უცხოურ კომპანიას ჩამომითვლით, რომელიც საავტომობილო მრეწველობაში, ან სამრეწველო სფეროში შემოვიდა? მე ვერ ვხედავ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც აქ პროდუქციას აწარმოებენ. ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ მსგავსი რეიტინგები ჩვენი ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას არ ასახავს, ეს უცხოელების თვალით შეფასებული მდგომარეობაა. ის, რომ სესხების გაცემა დოლარში შეიზღუდა, ჩვენი მოქალაქეებისთვის კარგია, მაგრამ უცხოელის თვალით თუ შევაფასებთ, ცუდი.

ამავე საკითხის შეფასება ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძესაც ვთხოვეთ:

-მეც ვფიქრობ, რომ ამგვარი რეიტინგები პირობითია, თუმცა შეუძლებელია „ფორბსის“ რეიტინგს ერთ რამეში არ დავეთანხმოთ: მონეტიზაციის დონე ჩვენს ქვეყანაში არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს. ძალიან მაღალია დოლარიზაციის დონე და სესხების ნახევარზე მეტი დოლარშია გაცემული. თუ ჩვენი მეზობლები ვითარდებიან და ამ ინდიკატორებს ცვლიან, ეს რეიტინგებში ჩვენს ადგილზეც მოქმედებს. შეიძლება თქვენ საკმაოდ სწრაფად მიდიოდეთ ავტობანზე, მაგრამ ვიღაც დაგეწიოთ და გაგისწროთ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი სიჩქარე შეიცვალა, უბრალოდ, სხვა ავტომობილებმა უფრო დიდი სიჩქარე აკრიფეს და წინ უფრო სწრაფად წავიდნენ. მე ვერ ვიტყვი, რომ ბიზნესგარემო საქართველოში უარესობისკენ შეიცვალა და დღევანდელ მდგომარეობას დრამატულად ვერ შევაფასებ, მაგრამ ეს ოპტიმიზმი მცირე ბიზნესს სულაც არ ეხება. მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ექსპორტში 45%-ს აღემატება, ხოლო იმპორტში - 51%-ს. თუ სადმე ჩამორჩენა გვაქვს, პირველ რიგში ამ რგოლში გვაქვს. მცირე და საშუალო ბიზნესი საკმაოდ მოკრძალებულად არის წარმოდგენილი ჩვენს ეკონომიკაში. გარდა ამისა, ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენს ეკონომიკაში ექსპორტის იმპორტთან თანაფარდობაა: ევროპის ორმოცივე ქვეყანაში ექსპორტ-იმპორტის შეფარდებით საქართველოს ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს, თუ ახლად აღიარებულ კოსოვოს არ ჩავთვლით. ამ მაჩვენებლის შეცვლა გააუმჯობესებდა ჩვენს ეკონომიკას და გაზრდიდა ჩვენი ეროვნული ვალუტისადმი ნდობას, რაც ასე საჭირო და აუცილებელი ფაქტორია წინსვლისათვის“ - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი.

ხათუნა ჩიგოგიძე