როგორ იცვლებოდა ხორცის ფასი ადგილობრივ ბაზარზე

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა "აისეტის" ცნობით, 2017 წლის დეკემბერში ქართული ხორცის სუბ-ინდექსი, ამავე წლის ოქტომბერთან შედარებით, მხოლოდ 0,7%-ით გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, ეს არის ყველაზე მაღალი ზრდა ერთი თვის განმავლობაში აპრილიდან მოყოლებული. ამ ცვლილების ძირითადი განმაპირობებელი იყო საქონლის ხორცის ფასები, თუმცა ღორისა და ქათმის ფასებმაც შეასრულა თავისი როლი ხორცის ფასების ცვლილებაში.

კიდევ უფრო თვალშისაცემია ფასის წლიური ცვლილება. 2017 წლის ნოემბერში ქვეყნის შიგნით წარმოებული ხორცის ფასი გასული წლის ნოემბრის თვესთან შედარებით 13%-ით არის მომატებული. AGRIndex–ისთვის ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. საქონლის ახალი ხორცის ფასი ბოლო 12 თვეში 14,3%-ით არის გაზრდილი, მაშინ როცა იმავე პერიოდში ცხვრის ხორცი 10,3%-ით გაიზარდა, ღორის ხორცის ფასმა 9,6%-ით მოიმატა 2016 წლის ნოემბერთან შედარებით, ასევე გაზრდილია ქათმის ხორცის ფასიც.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს ქართულ ხორცზე უცხოური მოთხოვნის ზრდა და ადგილობრივი წარმოების არც ისე სწრაფი ტემპით მატება. GeoStat-ის მიხედვით, 2017 წლის პირველ 10 თვეში ცხვრისა და ცხვრის ხორცის ექსპორტი 2,9%-ით გაიზარდა 2016 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თუმცა ცხვრის საშუალო რაოდენობა არ შეცვლილა. შინაური ფრინველის ექსპორტი თითქმის სამჯერ გაიზარდა, თუმცა 2017 წლის მესამე კვარტალში 9,5 მლნ შინაური ფრინველი იყო ქვეყანაში, 2016 წლის იმავე პერიოდში კი 10,2 მლნ ღორისა და ღორის ხორცთან დაკავშირებით განსხვავებული ვითარებაა. ღორის ხორცის ექსპორტი 2017 წელს შემცირდა, თუმცა გაიზარდა იმპორტი, რაც ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ საახალწლო სუფრისთვის ღორის ხორცი უფრო იაფადაც შევიძინოთ.