კომპანიები, რომლებმაც ტენდერების გზით ყველაზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება გააფორმეს

2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე პერიოდში ტენდერის გზით 6.1 მლრდ ლარის ღირებულების 66 639 ხელშეკრულება დაიდო. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში 15-მა ყველაზე მსხვილმა მიმწოდებელმა ტენდერების გზით, საერთო ჯამში 823,946,555 ლარის ღირებულების 411 ხელშეკრულება გააფორმა.

მიმწოდებელი კომპანიებიდან ყველაზე მეტი ღირებულების მქონე ხელშეკრულება „ბლექს სი გრუპმა“ მიიღო. კერძოდ, საკვლევ პერიოდში კომპანიამ დაახლოებით 89 მილიონი ლარის ღირებულების 19 ხელშეკრულება გააფორმა. მას მოსდევს „საბა კონსტრაქშენი“, რომელმაც ამავე პერიოდში დაახლოებით 83 მილიონი ლარის ღირებულების 20 ხელშეკრულება დადო; მესამე ადგილს კი „დაგი“ იკავებს, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 79.4 მილიონი ლარის ღირებულების 17 ხელშეკრულება გააფორმა.

რაც შეეხება კომპანიათა საქმიანობას, სამივეს ძირითადი საქმიანობა მშენებლობას უკავშირდება. კერძოდ, შპს „ბლექსი გრუპის“ საქმიანობის სფეროებია: ასფალტის წარმოება, ბეტონის წარმოება-ვაჭრობა, გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, აეროდრომების მშენებლობა, სამშენებლო და საგზაო მასალების ლაბორატორიული შემოწმება. გარდა ამისა, კომპანია საქმიანობს მეღვინეობის სფეროშიც. კერძოდ „ბლექსივაინის„ ეგიდით უშვებს „საფერავისა“ და „წინანდლის“ სამარკო ღვინოებს. შპს „საბა კონსტრაქშენი“ საქმიანობის სფეროებია: ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი, ფასადების მოპირკეთება, სარემონტო სამუშაოების განხორციელება. შპს „დაგი“ კი - სამშენებლო-სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს.

bpn