2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე პერიოდში ტენდერის გზით 6.1 მლრდ ლარის ღირებულების 66 639 ხელშეკრულება დაიდო.
ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, საკვლევ პერიოდში 15-მა ყველაზე მსხვილმა შემსყიდველმა საერთო ჯამში ტენდერის საშუალებით 2.7 მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2015-2017 წლებში 22-მა სახელმწიფო ორგანიზაციამ, რომელმაც 50 მილიონ ლარზე მეტი შესყიდვა განახორციელა, ტენდერის საშუალებით საერთო ჯამში დაახლოებით 3.1 მილიარდი ლარის ღირებულების მომსახურება შეისყიდა.
ტენდერებში ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საავტომობილო გზების დეპარტამენტია, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 849.7 მილიონი ლარის ღირებულებს ხელშეკრულება გააფორმა; მას მოსდევს დედაქალაქის მერია, რომელმაც ამავე პერიოდში 320.6 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება დადო; ხოლო მე-3 ადგილზეა მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელმაც 2015-2017 წლებში 203.1 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გააფორმა.