ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 24 დეკემბერს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 998 972 ლარია. წინადადებების მიღება 13 იანვარს დაიწყება და 16 იანვარს დასრულდება.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ოპერირების 1 ეტაპზე განსაზღვრულია 2 ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის სავალი ნაწილის სიგანემ 11 მეტრი უნდა შეადგინოს; რაც შეეხება რკინიგზას, 1-ელ ეტაპზე მინიმუმ ერთი ელექტროფიცირებული სარკინიგზო ხაზისა და სხვა დამხმარე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი.
ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რკინიგზა ისე უნდა დაპროექტდეს, რომ ფართოდ იქნას გამოყენებული სამრეწველო დანიშნულების მძიმე ტვირთებისა და სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის მიერ, რომლებიც შეძლებენ 20 ფუტიანი და 40 ფუტიანი კონტეინერების და არაგაბარიტული ტვირთის გატარებას დაახლოებით 80 კმ/სთ-ში.